გასული დღის განმვალობაში, რუსულმა ძალებმა 39 სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

19 მაისი 2023, 10:07 377 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეებს შორის 4 მიმართულებით 29 შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის  განმავლობაში რუსულმა ძალებმა 39 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 50 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უწყების ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით შემდგომი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე - ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მოხდა 29 საბრძოლო შეტაკება. ყველაზე ცხელი ბრძოლები იმართება ბახმუტისა და მარინკასათვის"- აცხადებენ გენშტაბში.

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მოსალოდნელი თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი შუაღამისას გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქში, მოგვიანებით კი ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიებზეც, მათ შორის ზაპოროჟიეს, მიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს.

"ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!" - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში