საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა.
მათივე განცხადებით,სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დასრულდება.
"ქობულეთის შემოვლითი 2 ზოლიანი გზა შეკვეთილიდან იწყება და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან სრულდება. გზის სიგრძე 31.3. კმ-ია. საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად მოდერნიზებისათვის მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მასზე დაფუძნებული დეტალური პროექტი
ქობულეთის შემოვლითი გზა, E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე ხორციელდება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.