ფონდმა „ქართუმ“ სარაგბო ინფრასტრუქტურა რაგბის კავშირს ოფიციალურად გადასცა

26 აპრილი 2023, 10:14 710 ნახვა

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, მის მიერ აშენებული სარაგბო ინფრასტრუქტურა ქართულ რაგბს ოფიციალურად გადასცა, რწმენით, რომ კავშირის ადმინისტრაცია ამ უზარმაზარ პოტენციალს შემდგომშიც სათანადოდ წარმართავს და ახალ ისტორიულ გამარჯვებებს მოუტანს საქართველოს, - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სარაგბო ბაზებისა და მოედნების მოწყობას ითვალისწინებდა. შედეგად, 2011-2018 წლებში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საქართველოში 14 სარაგბო ბაზა მოეწყო - 27 მოედნით, 2 აკადემიით და 5 სასტუმროთი. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სარაგბო ბაზის მოწყობა ზუგდიდში.

"აღსანიშნავია, რომ „ქართუ“ ამ ბაზების გამართულ მუშაობას თავადვე აფინანსებდა, ცოტა ხნის წინ კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა „შევარდენისა“ და „ავჭალის“ სტადიონებს, რამდენიმე მოედნის რეაბილიტაცია კი ამჟამადაც მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნასა და მოვლაში ფონდის მხრიდან რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა, რაც მსოფლიო რაგბში უპრეცედენტო მოვლენაა და მსოფლიო რაგბმა „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზიც გადასცა.

"ქართუს“ მიერ რაგბის კავშირისთვის ბაზების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს „შევარდენის“ რეაბილიტირებულ სანაკრებო ბაზაზე გაიმართა, სადაც ბორჯღალოსნები (ეროვნული და 20-წლამდე) მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ვეტერანი მორაგბეები და უცხოელი სტუმრები - ბრიტანული, მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ტორ მაკლარენი და ენდი ქოული, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მანაგაძე, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში მოღვაწეობს.

„დღეს ოფიციალურად ვიწყებთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ 14 სარაგბო ბაზის გადაცემის პროცედურას და ეს დაახლოებით 1 წელს გაგრძელდება, რის შემდეგაც სტადიონები და მოედნები კლუბებს გადაეცემა. მადლობა „ქართუს“ ამ უზარმაზარი სიკეთისთვის, რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს. ეს მხარდაჭერა უკვე აისახა ხარისხში და საქართველომ 2022 წელს ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - იტალიასთან და უელსთან, თუმცა ღრმად მწამს, წინ კიდევ არაერთი ისტორიული გამარჯვება გველოდება“.

„ჩვენი და ფონდის თანამშრომლობა ამით არ სრულდება და მომავალშიც გაგრძელდება, ამჯერად უკვე ბავშვთა და სასკოლო რაგბში, რათა გაიზარდოს მოთამაშეთა რაოდენობა და კიდევ უფრო წინ წავიყვანოთ როგორც ქართული რაგბი, ასევე ჩვენი ქვეყანა. ასეთ ბაზებზე სულ უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება რაგბიში. ზემოთნახსენები ისტორიული გამარჯვებები, ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეების, ქველმოქმედი ადამიანის, მზრუნველი მთავრობის და მშრომელი ხალხის ერთიანობის შედეგია. მადლობა „ქართუს“ ამ ყველაფრისთვის და ჩვენის მხრივ, ამ ქველმოქმედებას გამარჯვებებითა და თავდაუზოგავი ბრძოლით უნდა გავცეთ პასუხი“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

"ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებები, რასაც ახლა ვიმკით, 2009 წელს „დაითესა“, როდესაც ფონდმა „ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ეს არ იყო მხოლოდ ნაკრების მხარდაჭერა და ის მოიცავდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სარაგბო ბაზების მშენებლობას, რამაც სპორტის ამ სახეობაში ახალი თაობა მოიზიდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში და რა თქმა უნდა მორაგბეებს, რადგან „ქართუსთვის“, ყველაზე დიდი მადლობა სწორედ ჩვენი გუნდების წარმატებებია“. „სარაგბო ბაზების მესაკუთრე იურიდიულად რაგბის კავშირი გახდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფონდი ქართულ რაგბს მიატოვებს! ახლაც შენდება ზუგდიდის სარაგბო ბაზა და მომავალშიც ჩავერთვებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე სასკოლო და ბავშვთა რაგბში. დარწმუნებული ვარ წინ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გველის“ - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარემ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა უცხოელ სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, რომელმაც არცთუ მარტივ წლებში პირველმა ირწმუნა ქართული რაგბის შესაძლებლობების და მის მიერვე დაარსებული საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, უპრეცედენტო ინვესტიცია განახორციელა ქართულ რაგბში. მას არ ქონდა ვალდებულება ერთი კონკრეტული სპორტის სახეობისთვის შეექმნა და შეენახა, მერე კი საკუთრებაში გადაეცა ეს ინფრასტრუქტურა და მადლობა ამ კეთილი ჟესტისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს.ეს არის ფონდი, რომელიც საქმის წამოწყების შემდეგ არსად ჩერდება და ჩვენ უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები როგორც ქართული რაგბის, ასევე სპორტის სხვა სახეობებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ“.

"ემოციური და მნიშვნელოვანი წელიწადი გველის, რადგან ვემზადებით დიდი წარმატებებისთვის. გაგვიმართლა, რომ რაგბის კავშირს გამოუსწორებელი ოპტიმისტები ხელმძღვანელობენ, მაგრამ მარტო ოპტიმიზმით შედეგს ვერ მიაღწევ, მით უმეტეს სპორტში. გამარჯვება და წარმატება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ უპირველესად შრომას ვაფასებთ, რაც სპორტსმენისთვის ფიზიკური ძალისხმევა და სულის სიმტკიცეა. ჩვენ გვწამს, რომ ეს შრომა და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და 2023 წელი ქართული რაგბისთვის დიდი გამარჯვებების წელი იქნება“.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო სტადიონები და საწვრთნელი ბაზები დღეს ყველა მსხვილ ქალაქს მოიცავს და ადგილობრივ ახალგაზრდებს რაგბიში ჩაბმის საშუალებას აძლევს:

  • გორში (2 მოედანი 3000 მაყურებლით),
  • ბათუმში (2 მოედანი 7500 მაყურებლით),
  • ქუთაისში (4 მოედანი 7 ათასი მაყურებლით),
  • ფოთში (2 მოედანი 3 ათასი მაყურებლით),
  • თელავში (2 მოედანი 2000 მაყურებლით,
  • რუსთავში (2 მოედანი 3000 მაყურებლით),
  • ასპინძაში (1 მოედანი 550 მაყურებლით),
  • მარტყოფში (2 მოედანი 500 მაყურებლით),
  • თბილისში (შევარდენის ბაზა 2 მოედანი 2000 მაყურებლით),
  • თბილისში (ავჭალის ბაზა 2 მოედანი 3500 მაყურებლით),
  • თბილისში (დიღმის მასივის ბაზა 2 მოედანი 750 მაყურებლით),
  • თბილისში (დიდი დიღმის ბაზა 1700 მაყურებლით),
  • თბილისში (ნუცუბიძის ბაზა 2000 მაყურებლით),
  • თბილისში (ვარკეთილის ბაზა 2 მოედანი)

ფონდ “ქართუს” და მთავრობის ძალისხმევით, სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება “100 მოედნის” პროგრამის ფარგლებში კვლავაც გრძელდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი