სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ - პრემიერი

10 აპრილი 2023, 14:36 619 ნახვა

დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა, იქნება ეს შიდა - მთავრობის მხრიდან თუ მმართველობის სხვა შტოს მხრიდან ჩარევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სხვა ქვეყნების ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. პრემიერმა მოსამართლეებს მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

პრემიერის განცხადებით, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩაიბარეს  2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვისთვის, მართული ერთი ადამიანის მიერ. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის მიერ.

„სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ. ეს იქნება შიდა, მთავრობის მხრიდან ჩარევა, თუ ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენის სასამართლოს შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა, მოსამართლეების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა დავადასტურო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან დღესავით ნათელი გახდა, ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. აი, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო 2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ. სასამართლო, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მართული იყო. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო და ამავე დროს სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. იმ დროს, სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. იმ დღეს, როცა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი გახდა, სასამართლოც თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, სტრასბურგში წელს გაგზავნილი იყო მხოლოდ 150 საქმე.

პრემიერის შეფასებით,  სასამართლოს მიმართ ნდობა არის აბსოლუტურად გაზრდილი, მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეები, რომლებზეც გავრცელდა სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არიან პროფესიონალები, ემსახურებიან ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას.

„ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცით, რომ არიან ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა.საერთოდ, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის, თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობა არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვასა და სასამართლოს დაცვაში. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამას ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც პრემიერი და მთავრობის მეთაური, ყოველთვის მზად არის, რომ მოისმინოს ინფორმაცია მოსამართლეებისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში