ხალხის ძალის ინიციატივა ე.წ. „აგენტების კანონზე“

20 თებერვალი 2023, 20:21 701 ნახვა

სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირების საგანია პარლამენტში დაინიცირდა, საუბარია ხალხის ძალის მიერ მომზადებულ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც დღესვე გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. ბიუროს სხდომაზე საკითხის  პროცედურული  ნაწილი განიხილებოდა, თუმცა  შეფასებები დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზეც გაკეთდა. ოპოზიციის განცხადებით, ეს არის ქართული ოცნების ლუსტრაცია, რადგან მათი  მტკიცებით, ამ კანონის ინიციატორი თავად მმართველი გუნდია, რომელიც „ხალხის ძალის“ უკან დგას. პარლამენტარების განცხადებით, ეს კანონი საქართველოსთვის ერთერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ევროპულ გზაზე. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით -  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის არა ამერიკულის ასლი, არამედ მისი მოდიფიცირებული ვერსია. ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება. დოკუმენტის მიხედვით,  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ. “ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს, სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება” - ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი კანონის დაინიცირებას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი