“კითხვები თანამდებობის პირების კუთვნილ მშენებლობებთან დაკავშირებით” - კვლევა

20 თებერვალი 2023, 14:14 699 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჭარაში თანამდებობის პირების   უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ანგარიში  გამოაქვეყნა.   დოკუმენტში  ფიგურირებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სახელ-გვარი.  

კვლევის ავტორების თქმით,  ედუარდ  ნაკაშიძემ ქედაში კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა.   მესამე სექტორის ინფორმაციით, უკანონო მშენებლობა გამოიკვეთა  აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის შემთხვევაშიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  თემურ ყურშუბაძის მეუღლემ, სავარაუდოდ, უკანონოდ  2 ახალი შენობა-ნაგებობა დაბა ჩაქვში ააშენა. ამავე ანგარიშით    ხულოს მერის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტში უკანონოდ ააშენა  სასტუმრო. ბოლქვაძე ახლა მთავრობის აპარატის მაღალჩინოსანია.

ანგარიშში მოხვდა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით მჭედლიშვილის მეუღლე. კვლევის თანახმად ვიგებთ, რომ   ირმა გოგიტიძემ ქობულეთში, სავარაუდოდ უკანონოდ დააშენა კერძოდ სახლს  სართულები , რითაც მისი საერთო ფართი 5- ჯერ  გაიზარდა.   

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თანამდებობის პირები გავლენებით სარგებლობენ. გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ   მუნიციპალიტეტები ხშირად  საჯარო ინფორმაციასაც  დროულად არ გასცემენ,  რის გამოც  სასამართლოს მიმართეს. სარჩელი ქედისა და ქობულეთის წინააღმდეგ შეიტანეს. 

 ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ  კვლევაში დასახელებულ პირებთან დაკავშირებას და მათი არგუმენტების მოსმენას, თუმცა  ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში