ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს და დარეგულირდეს, რის შედეგადაც ინფლაციაც შემცირდება.
„დასავლურ სამყაროში ეს წესები დარეგულირებულია, ამიტომ ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად ჩვენ ამ კანონპროექტს წარვუდგენთ პარლამენტს. პარლამენტმა დაადასტურა, რომ მათი მზაობა იქნება და მხარს დაგვიჭერს, რომ ეს ევროდირექტივა, ეს რეგულაციები ჩვენც შემოვიღოთ. სხვაგვარად, ჩვენი მხრიდან ჩარევები უხეში იქნება. გამოვნახეთ გზა, ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება.
იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე ექნება „რითეილს“ თავისი განსაზღვრული წესები. ესაა გამოსავალი, რაც ამ მოკლე, ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს. არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობას და ხალხზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.
„სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა და უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი ყველა მიმართულებით. გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა. იანვრის მონაცემებს ჩვენ ველოდებით. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროსგან (თუმცა საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ) საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა რაც იკვეთება, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილი. ასევე გეტყვით, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.