ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

19 დეკემბერი 2022, 15:20 485 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა  თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, ბრალდებულმა, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. ბრალდებულმა შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.

"თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. ბრალდებულმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა.

თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თელავის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, რისთვისაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"-აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი