პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი.
„რუსეთის აგრესიის წინაშე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უთანხმოება არ არის“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.
მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ქვეყნებს, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.
პოლონეთის სენატის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სასტიკი ომის მიზანია სუვერენული ქვეყნისა და უკრაინელი ერის განადგურება. სენატორებმა რუსეთის აგრესიის უპრეცედენტო სისასტიკეს და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.