მახინჯაურში, ყოფილი ,,კოლხიდას” მიმდებარე ტერიტორიიდან სავარაუდოდ კიდევ ერთ ასწლოვან ხეს გადარგავენ. აქ წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცესი სწორედ ერთ-ერთი ხის გადარგვას უკავშირდება. თუმცა ჩვენთან ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ აქ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა და ხეც თავად შეარჩია. მათივე ინფორმაციით, ტიტას ხის გადატანა ადრეც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა. ,,ქართუ ჯგუფში” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის უცნობია, რომელ ხეზეა საუბარი. კომპანია ,,ზიმოში” კი ამბობენ, რომ სამუშაოებს ისინი არ აწარმოებენ. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. უწყებაში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესებში სამართლებრივად ვერ ჩაერევიან.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ბერიძე. იგი რამდენიმე დღის წინ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მანამდე კი იგი ოპოზიციური პარტიის-,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო.