არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდა ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან - საპატრიარქო

29 ოქტომბერი 2025, 16:54 153 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.

საპატრიარქოს ცნობით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები - ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს

თვალსაჩინოებისთვის მისი საუბრებიდან მოგვყავს შესაბამისი ციტატები:

„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.

„მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.

„როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“

„მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება…“

ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.

აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება“, - ნათქვამია ეპარქიული კომისიის დასკვნაში.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე