მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს.
"ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი;
ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში;
ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.
აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში – თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან.
მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისთვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.
მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის.
მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება“ მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას.
მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 48 ოპოზოციონერი დეპუტატი.