შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან 27-ში დარღვევა დაფიქსირდა 

06 ივლისი 2020, 16:31 1477 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მაკონტროლებლებმა 79 კვების ობიექტი შეამოწმეს, მათგან 27-ში დარღვევა დაფიქსირდა, დანარჩენი კი კორონავირუსის გამო დაწესებულ რეკომენდაციებს ასრულებდა. 

სპეციალისტები რესტორნებსა და კაფე-ბარებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამოწმებენ. გაწერილია რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ობიექტების მფლობელებს ევალებათ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტების ნაწილში მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი იჯდა. მომსახურე პერსონალს არ ეკეთა სათვალე და ფარი. ნაწილში არ იყო სადეზინფექციო ხსნარი. კაფეების ნაწილში დარღვეული იყო ბარიდან მომსახურების წესები. რამდენიმე ობიექტში არ იყო გამაფრთხილებელი ბანერი.

მაკონტროლებლები ამოწმებენ კვების ბლოკსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ რამდენიმე ობიექტში არ იყო დაცული ჭურჭლის რეცხვის წესები. 

ბექა ფერაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამოწმებენ სასტუმროებსაც.

„დღესისთვის შემოწმებულია 79 კვების ობიექტი, მოთხოვნები დააკმაყოფილა - 52-მა, ვერ დააკმაყოფილა -27-მა და შესაბამისად, სანქცირების მექანიზმი იქნა გამოყენებული. რაც შეხება განთავსების სექტორს, ჯამში 1818 ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაცემულია 736 სასტუმროზე,“- განაცხადა ბექა ფერაძემ

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება.

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უნდა უზრუნველყონ ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით. 

რეკომენდირებულია სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება,  ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში, დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში