"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

05 მაისი 2020, 14:42 1563 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. დახმარების პაკეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული პენსიონერებზე, თვითდასაქმებულებზე, სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებსა და დევნილებზე.

„ამ პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში.
თქვენ გახსოვთ, რომ ორჯერ, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდომარეობა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მობრძანდა, მან გამოაგზავნა მხოლოდ საკუთარი წარმომადგენელი.

ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება, არ მოსვლის შემთვევაში, გიორგი გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარდეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ. მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ დღეს საორგანიზაციო დეპარტამენტში შევიტანთ წერილს ინტერპელაციის მოთხოვნით. გიორგი გახარიას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ ის თავად მობრძანდეს პარლამენტში და თავად გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში