დაარღვია თუ არა ბათუმში ინფიცირებული ექთნის დედამ თვითიზოლაცია - სამინისტროს განმარტებები

01 აპრილი 2020, 11:35 2614 ნახვა

გუშინ, TV პირველის ჟურნალისტს თვითიზოლაციაში მყოფმა ქალმა ინტერვიუ მისცა, რაც ბუნებრივია თვითიზოლაციის წესის დარღვევაა. იზოლაციაში მყოფი ქალი კი ბათუმში ინფიცირებული ექთნის დედაა. მან მედიის წარმომადგენლებს კარი გაუღო და ინტერვიუც მისცა.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ COVID-19-ით ინფიცირებული მედიკოსის დედა საკუთარ საცხოვრებელ სახლში იზოლაციაში იმყოფება და წესებს იცავს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, თუ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდება მას კარანტინში გადაიყვანენ. 

მისივე თქმით, ასაკოვანი ქალი სახლშია და გარეთ არ გადის. 

​''იზოლაცია არ ნიშნავს მხოლოდ კარანტინის რეჟიმს, იზოლაცია არის თვითიზოლაციაც, ანუ საცხოვრებლის პირობებში სრული წესების დაცვა, სხვა პირებისაგან განცალკევება. თუ კი ამის პირობას იძლევა მოქალაქე და თუ სახლში ამის შესაძლებლობა აქვს. თხოვნა გავითვალისწინეთ, რომ ექთნის დედა უნდა დარჩენილი თვითიზოლაციაში, მკაცრი წესების დაცვით, რომელსაც თავად პაციენტიც კი აკონტროლებს დისტანციურად სატელეფონო კომუნიკაციით დედასთან. მას ეპიდემიოლოგები დღეში რამდენჯერმე ეხმიანებიან. 

ჩვენი ინფორმაციით, არ გამოდის ქუჩაში და იცავს წესს. თუ კი რამე სხვა ფაქტი გვეცოდინება მოხდება მისი იძულების წესით კარანტინში გადაყვანა, მაგრამ ამისი დადასტურებული ფაქტი უნდა გვქონდეს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ნინო ნიჟარაძემ. 

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ყველა კონტაქტი მოძიებულია, მოხდა თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია. ეპიდემიოლოგები კი სიტუაციას ყოველდღიურად აკონტროლებენ. 

''მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კონტაქტირებული პირები მოძიებულები არიან, ყველაზე არის კონტროლი. თუ კი ვინმეს არ დაურეკეს ე.ი. ის არ იყო განსაზღვრული, როგორც კონტაქტირებული პირი. ვინც არის განსაზღვრული მასთან გვაქვს კომუნიკაცია და ეს იციან'' - ამბობს ნიჟარაძე. 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, ქალს დაბალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ექთანი შესაძლოა დაუმორჩილებელი პაციენტისგან დაავადებულიყო, რომელიც პირველი ორი დღე ანალიზების ჩატარებაზე უარს აცხადებდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში