თეონა ბაკურიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

13 მარტი 2020, 19:03 7441 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე  სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. საყვედურები გამოუცხადეს რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურების პროდიუსერებსაც, მაია მერკვილაძეს და ცირა სურმანიძეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძესთან მაუწყებელი  შრომით ხელშეკრულებას   13 მარტიდან  წყვეტს. 

"საქმეში შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი და მასთან შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საფუძველია" -  წერია ბრძანებაში. 

კოხრეიძის ვერსიით, დასაქმებულმა  სამსახურის უფროსს და რედაქტორს განუცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს მათი სამსახურებრივი მითითებები, რაც მისი აზრით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას ნიშნავს -ეს გახდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი. 

ასევე, დირექტორი თეონა ბაკურიძეს ადანაშაულებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და ამბობს, რომ ახალი ამბების სამსახურის უფროსი,  გიორგი აბაზაძე და რედაქტორი, ფირუზ ბოლქვაძე ფსიქოლოგიურად დაატერორა. ამბობს, რომ თეონა ბაკურიძის მიერ შექმნილმა კონფლიქტურმა სიტუაციამ ხელი შეუშალა საინფორმაციო სამსახურის საქმიანობას და დააზარალა მაუწყებელი. 

უკვე ტრადიციულად, მაუწყებელში, ყოველ პარასკევს, 6 საათის შემდეგ ადამიანებს სამსახურიდან სხვადასხვა ბრძანების საფუძველზე უშვებენ. 

 


აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისია და თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. კრიზისი ტელევიზიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოადგილე სხვა სამსახურში გადაიყვანეს, წამყვანი კი ეთერიდან მოხსნეს.
გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელი მზადდება.

როგორც ცნობილია, მაუწყებლის მენეჯერს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შორენა ღლონტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების 8 საათიანის წამყვანი თეონა ბაკურიძე უჩივის. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფს. 

 

რა მოხდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რატომ უჩივიან თანამშრომლები დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს? 

 

2020 წლის 19 თებერვალს, აჭარის მაუწყებლის დირექციის გადაწყვეტილებით და "ქართული ოცნების" კვოტით შერჩეული სამი მრჩევლის მხარდაჭერით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცია გაუქმდა. ამ თანამდებობაზე მაია მერკვილაძე მუშაობდა. დირექტორის პირობის მიუხედავად, ის საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად არ დატოვეს და იმ ტოქ-შოუს პროდიუსერობა შესთავაზეს, რომელიც ჯერ არ არის  დამტკიცებული და არც ბადეშია ჩასმული. ასევე შესთავაზეს, რადიოში რედაქტორობა და ხელშეკრულება გაუფორმეს. გადაწყვეტილება თანამშრომლებმა გააპროტესტეს. 

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ პოზიცია ხელოვნურად გაუქმდა, რადგან საინფორმაციო სამსახურის უფროსის გაშვება იგეგმებოდა და დირექციას არ სურდა, ის დარჩენილიყო ავტომატურად საინფორმაციოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ამით კი იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ დირექციას სურს საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და სახელისუფლებო ინტერესების გატარება, ამიტომ. მისი თქმით, იმ ადამიანებს დევნის ახალი ამბების სამსახურიდან, ვინც მანამდე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, დაბალანსებულ და ყველა პოლიტიკური პარტიისგან ინტერესებისგან დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს ქმნიდა. 

საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძის ნაცვლად, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია დანიშნეს. მისი სამსახურში აყვანის შესახებ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა არ იცოდნენ.

დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ ნინო ხაჟომია მმართველებს გაესაუბრა და მათი რჩევით დანიშნა ამ პოზიციაზე, თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. მმართველებმა თქვეს, რომ მათ შეხვედრა ნინო ხაჟომიასთან არ ჰქონიათ. ჟურნალისტმა ტელევიზია საკუთარი განცხადების საფუძველზე 4 დღეში დატოვა. 

მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აცხადებდა, რომ არ იცის ნინო ხაჟომია გაესაუბრნენ თუ არა მმართველები. რაც შეეხება მაია მერკვილაძის ბრალდებას, ამბობდა, რომ საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებები არ იგეგმებოდა, რადგან ახალ ამბებში რჩებოდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ჟურნალისტები არარსებულ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ასევე, გიორგი კოხრეიძის განმარტებით, საინფორმაციო სამსახურის მოადგილის პოსტი სხვა ტელევიზიებში არ არის და ეს ზედმეტი რგოლი იყო მენეჯმენტში. მაია მერკვილაძე კი ფანტასტიკური კადრია და ის დარჩებოდა მაუწყებელში. 

იორგი კოხრეიძის ოფიციალური, საჯაროდ დადებული პირობის მიუხედავად, საინფორმაციოს სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ერთ კვირაში, 28 თებერვალს მოხსნეს თანამდებობიდან. ახალი ამბების სამსახური კი დარჩა გადაწყვეტილების მიმღები პირების გარეშე. გადაწყვეტილებას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

მის წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მრჩეველთა საბჭოს წევრის, თამილა დოლიძის მიერ მოძიებული დოკუმენტის (2019 წელს დადებული ხელშეკრულების) მიხედვით, შორენა ღლონტს, ტელევიზიის ყოფილი დირექციის ჩართულობით, NDI ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომლის მიხედვით მომზადდა ერთი გადაცემა - დისკუსიის ფორმატში. თანხა საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს დაერიცხა, რომელიც თანამშრომლებს ხელზე გაუნაწილა. ფულის განაწილების ფაქტს, ყველა ჟურნალისტი ადასტურებს. 

დირექციის მიერ "შავ ფულად" მოხსენიებული საქმე, როგორც იურისტები განმარტავენ ხანდაზმული იყო და ამ შემთხვევის შესახებ  ცნობილი ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს იყო, თუმცა დისციპლინარული მოკვლევა მაშინ მრჩევლებს არ მოუთხოვიათ. მათ შორის მრჩეველს - გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც ახლაც საბჭოშია და თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

პარალელურად ტელევიზიაში, დირექტორის მოადგილე კონკურსის წესით აირჩიეს. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი დაიხურა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ჟურნალისტებმა ნათია ლომაძემ დააფიქსირა დარღვევა, გასაუბრების დროს ახალი ამბების რეპორტიორის, ჯენი კვანტალიანის სიუჟეტს განიხილავდნენ, დირექტორის მოადგილეს კი წესით შინაარსის განხილვაში შესვლის უფლება არ აქვს. ამ ინციდენტს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც ჟურნალისტებს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ. ფაქტს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე გამოეხმაურა, კონკურსის დახურვა არასწორ ფაქტად შეაფასა, ხოლო ჟურნალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა და ფაქტზე მოკვლევაც დაიწყო.  მოკვლევის შედეგი არ დამდგარა.  

ამის შემდეგ, ახალ ამბებში კიდევ ერთი რედაქტორი ფირუზ ბოლქვაძე დაინიშნა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე.

გიორგი აბაზაძეც  კონსულტანტად ლალი ბერძენიშვილი დაუნიშნეს. სამივე თანამშრომელი მაუწყებლის თანამშრომელია, ამათგან ორი კი ახალი ამბების რედაქციაში მუშაობდა. ჟურნალისტები კი ითხოვდნენ, რომ ეს პოსტები არ ანდეს ახალი ამბების მოქმედ რედაქტორებს, რომლებსაც ამ ტიპის გამოცდილება ჰქონდა და კრიზისს განმუხტავდა. 

კრიზისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა, საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელს კი ნერვიულობის გამო, ერთი დღით საავადმყოფოში მოხვდა.  დირექციამ ეს ბულინგად და დაუმორჩილებლობად შეაფასა. 

ამ ინცინდენტის გამო, ტელევიზიის დირექტორმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ ერთი მხარის - ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძის გაკეთებული საჯარო განცხადების  საფუძველზე, ეთერიდან მოხსნა 8 საათიანი გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დისციპლინარული მოკვლევა იმ დღესვე დაიწყო და სანქციებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდა.  

ჟურნალისტების პოზიცია დირექტორს ოფიციალურად არ მოუსმენია.  დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ თეონა ბაკურიძემ არ შეასრულა გიორგი აბაზაძის დავალებები და არ დაემორჩილა მას. თეონა ბაკურიძე კი ამ ნაწილში არ ეთანხმება და სასამართლოში დავობს, რადგან ის იჯდა ეთერში და ამტკიცებს, რომ ყველა მოვალეობა შეასრულა, რაც ჰქონდა დაკისრებული. 

ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებლის 90 თანამშრომელი საგაფიცვო რეჟიმში იმყოფება. ალტერნატიული პროფკავშირები. 

ორგანიზაცია მაუწყებელში მას შემდეგ შეიქმნა, რაც გიორგი კოხრეიძე აირჩიეს თანამდებობაზე და ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი იმისა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. 

კონკრეტული ნაბიჯების შემდეგ კი, ალტერნატიულმა პროფკავშირებმა საგაფიცვო პროცედურა ოთხი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, რომელთაგან უპირველესია დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, შრომითი უფლებების დაცვა და იმ ადამიანების პოზიციაზე დაბრუნება, რომლებიც მოხსნეს ან ჩამოაშორეს ახალი ამბების სამსახურს. 

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე ამ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი საგანგაშოს უწოდებს. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მცდელობაა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის და არასასურველი ადამიანების თანამდებობიდან უხეშად ჩამოშორების. მაუწყებლის პრობლემებს გამოეხმაურა ევროპის საბჭოც და მის პლათფორმაზე განცხადება გამოაქვეყნა. 

EMC-ში მიიჩნევენ, რომ სამართლებრივად მაუწყებლის დირექტორმა შეცდომები დაუშვა და ისინი მის გადაწყვეტილებებს სასამართლოში ასაჩივრებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში