ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

18 სექტემბერი 2025, 14:01 100 ნახვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით,  საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამასთან, არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნული.

„აქვე, მინდა, შეგახსენოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. მინდა, მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკო-მ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, განხილულ იქნეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ, რათა მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი“, – აღნიშნავს გიორგი კალანდარიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი