შემოსავლების სამსახურიდან გვითხრეს, რომ ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილება არ გვაინტერსებს, დაგაჯარიმებთო - აქციის მონაწილე

18 თებერვალი 2020, 15:53 576 ნახვა

აჭარის ტელევიზიის წინ თამბაქოს მწარმოებლები შეიკრიბნენ. ისინი მაუწყებელზე პირდაპირ ეთერს ითხოვენ, ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ თუ უაქციზო თამბაქოს რეალიზაციას არ შეწყვეტდნენ ხვალიდან პროდუქციას ჩამოართმევდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა იმასთან დაკავშირებით, რომ  ადგილობრივ წარმოებაზე რეგულაციები არ გავრცელდებოდა.

"გასული წლის 21 ნოემბერს როცა რეგულაციები ამოქმედდა დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციაზე ჩვენ ეს გავაპროტესტეთ. ეკონომიკის სამინისტრომ  მიიღო გადაწყვეტილება და ცალკე რეგულაცია გამოსცა, რომ ეს რეგულაციები ჩვენს წარმოებას არ შეეხებოდა, ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა. ერთი საათის წინ მოვიდა 20 კაციანი ჯგუფი შემოსავლების სამსახურიდან, გაგვაფრთხილეს, რომ ხვალიდან დახლზე ჩვენი თამბაქო არ უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაჯარიმებდნენ. ჩვენ ეს მაშინაც გავაპროტესტეთ და ახლაც, მთავრობიდან დაგვპირდნენ, რომ ჩვეულ რეჯიმში გააგრძელეთ მუშაობაო და ეს დანაპირები არ შეასრულა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილება არ გვაინტერსებს, დაგაჯარიმებთ და თამბაქოს ამოვიღებთო"- განაცხადა აქციის მონაწილე ბადრი ბოლქვაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უბედურების წინაშე ვდგავართ და რატომ? ფაქტიურად საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შემოსავლების სამსახური აჭარის მთავრობას არ აყენებს საქმის კურსში, არ ეკითხება რეგიონთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე აზრს. აჭარის მთავრობამ საერთოდ არ იცის რა ხდება, შემოსავლების თანამშრომლები მიდის და ხალხს ეუბნება, ჩვენ არ ვიცით მთავრობამ რა დაგპირდათ, არ გვაინტერესებს, მიდით და მათ მოთხოვეთ პასუხი. ეს რა დამოკიდებულებაა, ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები აბუჩად იგდებენ რეგიონის ხელისუფლებას. ქედასა და შუახევში თუთუნი მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ხვალ ჩვენ მთავრობის სახლთან კი არ წავალთ, მივალთ შემოსავლების სამსახურთან"- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის შენობასთან მივიდნენ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 29 ნოებერს თქვა, რომ თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

აჭარაში, თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ასობით ოჯახი რეგულაციების გამკაცრებას აპროტესტებდა, ისინი აქციებს მართავდნენ და ხელისუფლებას დათმობისკენ მოუწოდებდნენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში