ყოფილ მერს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

27 იანვარი 2020, 13:39 4459 ნახვა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა ჩათვალა, რომ განზრახ თანხის გაფლანგვაში ბრალი ყოფილ მერს მიუძღვის.  

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, არჩილ ვანაძის გარდა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს,  ყველა მათგანს მოსამართლემ გულგრილობაში დასდო ბრალი, მამისეიშვილმა ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა.  

თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე,  ვლადაიმერ ხინთიბიძე და ბექა ხალვაში, რომლებიც  2019 წლის 16 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,  20 000 ლარიან ჯარიმას გადაიხდიან. 

ეგასლარ ლომაძეს კი, ჯარიმასთან ერთად,  დამატებით წელიწადის და 6 თვის გატარება მოუწევს საპატიმროში.  რადგან ლომაძემ წინასწარ პატიმრობაში 8 თვე გაატარა, პენიტენციურ სისტემას იგი 8 თვის შემდეგ დატოვებს. 

საქმის პროკურორი ამბობს, რომ შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

''დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა შვიდი მაღალჩინოსნის საქმე. სასამართლომ ექვსი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სცნო დამნაშავედ,მათგან ქალაქ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი სრულად იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში, 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახლით შეეფარდა 7 წელი პატიმრობა.

საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსს ეგასრალ ლომაძეს ბრალი გაფლანგვა გადაუკვალიფიცირდა  გულგრილობაზე. მას წელიწადი და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება, კომისიის ოთხ წევრს, ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, არამედ სამსახურებრივ გულგრილობაში და მათ არასაპატიმრო სასჯელი, ფულადი ჯარიმა, 20-20 ათასი ლარი შეეფარდათ.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ბრალდების მხარე, პროკურორები გავეცნობით, აღნიშნულ განაჩენს და და შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი'', - ამბობს საქმის პროკურორი რამაზ შავაძე.

სასამართლო სხდომაზე, მის საბოლოო სიტყვაში ყოფილმა მერმა თქვა, რომ ბრალდება აბსურდულია და მტკიცებულებები თანხის განზრახ გაფლანგვაზე ბრალდებას არ აქვს

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ, 30 მაისს, „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა.  დაკავებულებს შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.  გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ერგასლან ლომაძე კი დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით წინასწარპატიმრობაში დარჩნენ. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი, სპეცოპერაციით დააკავეს.

 

მსგავსი თემები: რატომ აიყვანეს მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები? - რაში გაიფლანგა მილიონები 

მერია ცდება უფლებამოსილებას და შეღავათებს უწესებს ბრალდებულებს, ეს კავშირების შედეგია - ამბობს პროკურორი 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში