მკვლელობა ხელვაჩაურში - ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს

04 ივნისი 2025, 15:03 1923 ნახვა

მკვლელობა ხელვაჩაურში. მდიარე აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. გამვლელებმა ცხედარი მოკლულის ავტომობილში აღმოაჩინეს,  რომელიც მდინარესთან ახლოს დილის საათებში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის  მოტივი ამ დრომდე უცნობია. ნატყვიარები აღენიშნება ავტომობილს. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს. მიმდინარეობს საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები.

მოკლული ახალგაზრდა კაცი ადგილობრივია. ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. მათი  ინფორმაციით, ის  მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ზაფხულის სეზონისთვის ემზადებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში