აჭარიდან სოფელ ხიხანში ჩასახლებულებს მიწები უნდა დაურეგისტრირდეთ - EMC

23 იანვარი 2020, 17:17 1387 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, ხიხანში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციას ითხოვს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სოფელში უმძიმესი სოციალური და ეკოლოგიური პირობებია: მოსახლეობას არ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, არ არსებობს სარწყავი წყლის სისტემა, სოფელს შეზღუდულად მიეწოდება სასმელი წყალიც, შემოგარენი დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რის გამოც ყოველდღიურად იხოცება მსხვილფეხა პირუტყვი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიზეზების გამო, ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილი, ისევ უკან მაღალმთიან აჭარაში ბრუნდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

''ოჯახების გადმოსახლება ამ სოფელში 1990 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. სოფელში გაუსაძლისი სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ადგილობრივი თემის უპირველესი პრობლემა მიწის და წყლის რესურსებზე მიუწვდომლობაა. ადგილობრივ მოსახლეობას საკარმიდამო მიწის რესურსის გარდა, არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწები, რაც მათ ადგილზე მცირე სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას უსპობს. ამას ემატება სოფელში სარწყავი სისტემის არარსებობაც. ცხადია, რომ ამ პირობებში ადგილობრივებს თვითკმარი მეურნეობის შექმნისა და მინიმალური სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების ელემენტრალური რესურსებიც არ ეძლევათ, რაც მათ სოციალურ მოწყვლადობას აღრმავებს.

სოფელში შეზღუდულია სასმელი წყლის მიწოდებაც. მოსახლეობა საერთო სოფლის წყაროზე აგროვებს სასმელ წყალს. ამასთან სამომხმარებლო წყალი დღეში მხოლოდ 1 საათით მოდის სოფელში. ეს პრობლემა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას უსპობს და მათ სოციალურ მოწყვლადობას ზრდის, სოფელში მძიმეა სანიტარული მდგომარეობაც, მისი შემოგარენი დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რომელსაც ყოველდღიურად ეწირება მსხვილფეხა პირუტყვი. სიღარიბე და სასიცოცხლო რესურსებზე წვდომის არქონა, პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

სოფელ ხიხანის მაცხოვრებლები წლების განმავლობაში, მაღალმთიან აჭარაში, მიწათმოქმედებით და სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ თავს. ქვემო ქართლში გადმოსახლებისას კი თვითგადარჩენის, რეინტეგრაციის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - მიწა, დაკარგეს. გაეროს სტანდარტების მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ადამიანები გადაადგილებისგან, მას აკისრია პოზიტიური ვალდებულება შეუქმნას ეკომიგრანტებს განსახლების ადგილას იმგვარი პირობები, რომ მათი უფლებები სრულად იქნას დაცული და მათი საჭიროებები გათვალისწინებული. ამისთვის კი აუცილებელია, სახელმწიფო პოლიტიკის იმგვარი შემუშავება, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაითვალისწინებს რესტიტუციისა და კომპენსაციის საკითხებს და უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და მათი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამოსვლის საიმედო პირობების შექმნას, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

აღსანიშნავია, რომ ეკომიგრანტების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა ასევე მძიმეა სხვა მუნიციპალიტეტებში და სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი პოლიტიკა ამ ოჯახების რეინტეგრაციისა და მათთვის ადეკვატური საცხოვრებელი და სოციალური პირობების შექმნისთვის. ამ კუთხით არსებით პრობლემას აღნიშნული ოჯახებისთვის საბიუჯეტო რესურსების სიმწირე და მათზე ორიენტირებული სპეციალური სოციალური პოლიტიკის არ არსებობა წარმოადგენს. აღნიშნულ პრობლემაზე უთითებს სახალხო დამცველიც.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიმართავს"

საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

გაითვალისწინონ სოფელ ხიხანში მცხოვრები ეკომიგრანტების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და უზრულველყონ ამ ოჯახებისთვის მათი სოფლის გარშემო მდებარე, სახელმწიფო საკუთრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაცემა ადეკვატურ პირობებში და დროულად (ადგილობრივი თემის სახელით EMC-იმ უკვე წარადგინა ოფიციალური განცხადება სამინისტროში).

შეიმუშავოს ეკომიგრანტებით ჩასახლებულ რეგიონებში რეინტეგრაციის, საცოხვრებელთან და საბაზისო რესურსებზე (მიწის, წყლის, საძოვრების) წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სახალხო დამცველთან, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თემებთან ინტენსიურ კომუნიკაციას დაეფუძნება.

მარნეულის მერიას:

ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციის გზით უზრუნველყოს სოფელ ხიხანში სარწყავი, სასმელი წყლის სისტემების, ასევე ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემების დროული გადაჭრა.

გაითვალისწინოს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული სოციალური და კულტურული სირთულეები და ამგვარი სოფლებისთვის დაგეგმოს სოციალური მხარდაჭერის დამატებითი პრაქტიკება, ასევე გააძლიეროს მისი პოლიტიკური ინტერესი ამ სოფლების მიმართ და გაზარდოს ადგილობრივ პოლიტიკაში სოფლის მაცხოვრებლების მონაწილეობა'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი