რეგიონში ენერგეტიკული პროექტები შეუფერხებლად უნდა ხორციელდებოდეს - თორნიკე რიჟვაძე

17 იანვარი 2020, 09:46 1988 ნახვა

„როგორც დავპირდი მარადიდისა და კირნათის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ჩართული ვართ პროცესში და ვეცდებით რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული როლი გვქონდეს და გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის ინტერესი“- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარადიდის მოსახლეობის პროტესტს და მოთხოვნებს.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მოსახლეობის ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები შეუფერხებლად უნდა ხორციელდებოდეს.

სოფელ მარადიდში მცხოვრები ოჯახები, მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი პროცესის შეჩერებას ითხოვენ და ჰესის მშენებელ კომპანიას კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდებენ. მიწის ნაკვეთების ნაწილი, ჰესის მშენებლობის დასრულების გამო უნდა დაიტბოროს. 

მოსახლეობის აქციის შემდეგ ხვალ, 18 იანვარს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსა და მარადიდის მცხოვრებლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.

ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მიიღო, რასაც მოქალაქეების აქციები მოჰყვა. გაფრთხილების ცნობა მოსახლეობამ სამინისტროსგან უკვე მიიღო. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში