ბათუმში უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამა შეჩერებულია - მერიის ტენდერი ვერ შედგა

11 იანვარი 2020, 13:38 3844 ნახვა

25 დეკემბერს ბათუმის მერიამ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 6 იანვარს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობა არავის მიუღია. შესაბამისად, იგი ვერ შედგა. მერია მზად იყო კომპანიისთვის, რომელიც შესაბამისი მომსახურებას გაწევდა  252 000 ლარი გადაეხადა.

ვინ განახორციელებს ან როდიდან ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების ძაღლებისა და კატების დაჭერას, ტრანსპორტირებას, სტერილიზაციას, კასტრაციას, კვებას, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ტრავმირებული ცხოველების მკურნალობას, მათ შორის  ოპერაციაული მკურნალობას ამ ეტაპზე უცნობია.

პროგრამას წლების განმავლობაში კომპანია "სევერი" ახორციელებდა. მათ მომსახურების ვადა 25 დეკემბერს ამოეწურა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობას ქალაქში არავინ ახორციელებს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ისინი შესყიდვებს წლების განმავლობაში იმ სატენდერო დოკუმენტაციით, იმ პირობებით ახორციელებდნენ, რომლითაც უკანასკნელ შემთხვევაში იხელმძღვანელეს. მუნიციპალიტეტში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიას ინფლაციიდან გამომდინარე თანხა ეცოტავა და ტენდერში მონაწილეობაზე თავი სწორედ ამიტომ შეიკავა.

"პირველ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და პრეტენდენტის არარსებობის გამო ტენდერი არ შედგა. ჩვენთან ამ მიმართულებით, ისედაც მხოლოდ ერთი კომპანია, "სევერი" მუშაობს. ჩვენ კომპანიას არ დავკავშირებივართ, აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ რატომ შეიკავეს თავი, ალბათ თანხის მომენტი იყო. ტენდერი იგივე პირობებით თავიდან გამოცხადდა. პროგრამა დროებით, ტენდერის დასრულებამდე შეჩერებულია. თუ ტენდერი ამ ეტაპზეც ჩავარდა მივყვებით პროცედურებს, არ არის გამორიცხული, რომ თანხა გაიზარდოს ან სხვა ფორმა მოიძებნოს"- ამბობენ მერიის შესყიდვების განყოფილებაში.

კომპანია "სევერში" აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ტენდერში მონაწილეობაზე უარი თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო თქვეს. აქ არ გამორიცხავენ, რომ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში პირობების გაცნობის შემდეგ მონაწილეობა მიიღონ.

"ტენდერში მონაწილეობა თავშესაფარში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ვერ მივიღეთ. ამ ეტაპზე რიგი საკითხების მოწესრიგებაა საჭირო, მათ შორის ვოილერების. გავეცნობით პირობებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. შრომატევადი და სპეციფიური სამუშაოა,  სამსახური უპატრონო ცხოველს რომ აიყვანს, ის უნდა შეამოწმონ, შესაბამისი პროცედურები ჩაუტარონ და დასვან იმ ადგილზე საიდანაც იქნა აყვანილი. აქედან გამომდინარე ქალაქში უპატრონო ცხოველი მატულობს. ადრე მათი თოფით კვლა  ხდებოდა  და იყო გაწმენდილი ქალაქი, რაც დაუშვებელია"- ამბობს კომპანია "სევერის" წარმომადგენელი ჯემალ გოგიტიძე.

სატენდერო პირობების თანახმად, ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ: იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით დაუდგინდება აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში. დაავადებულია
ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიში დაავადებით, აქვს ძლიერი ტრავმა ან დაზიანება, პათოლოგია,
რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან.

ცხოველები, რომელთაც ჩაუტარდათ ევთანაზია, ასევე ცხოველთა ლეშები ქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანის პერიოდში უნდა მოთავსდეს სპეციალურ ტომრებში და შემდეგ უნდა მოხდეს მათი კრემაცია.

მომსახურების შესასყიდად ბათუმის მერიამ ტენდერი 9 იანვარს ხელმეორედ გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 20 იანვარს სრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი