გრიპის ვირუსის გამო, N1 პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებენ - ჯანდაცვის მინისტრი

03 იანვარი 2020, 15:50 3983 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრიპის ვირუსის გამო, შაბათს პოლიკლინიკები 14:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათამდე იმუშავებენ. საჭიროების შემთხვევაში კი დაწესდება მორიგეობაც. ზაალ მიქელაძის თქმით, ბათუმში საოჯახო მედიცინის ცენტრი პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურება, კლინიკა 14:00 საათამდე იმუშავებს. გადაწყვეტილება კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

სამინისტროს რეკომენდაციით ხვალ, 4 იანვარს ქ. ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან:
ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა
ევექსის ამბულატორიული კლინიკა
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი
ენმედიცი (10:00 -დან 14:00 საათამდე).


5 იანვარს, 10:00-დან 14:00 საათამდე პაციენტებს მიიღებინ:
ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი.

საახალწლო დღეებში ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ჰოსტიპალსა და ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა. ბოლო 24 საათში ექიმების დახმარება დაახლოებით 236-მა მოქალაქეს დასჭირდა.  

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველ ეტაპზე ისარგებლონ ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ასევე მათივე რეკომენდაციით მოხდეს პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

''გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებებით საერთო ჯამში წინა კვირასთან შედარებით მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ის გაცილებით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. საბოლოო ჯამში დღე-რამეში ამბულატორიას 236 ადამიანმა მიმართა და მათგან 7,2% ჰოსპიტალიზებულია გრიპის დიაგნოზით, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გრიპით არც ერთი პაციენტი არ გვყავს.

მივმართავ მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე ისარგებლონ პირადი ექიმის, უბნის ექიმის, პედიატრის კონსულტაციით და მათი რეკომენდაციით მოხდეს პაციენტის სტაციონარში გადაყვანა. სადღესასწაულო დღეებში საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაზრდილი იყო, იმის გამო რომ მოქალაქეები პირდაპირ მიდიოდნენ კლინიკებში, თუმცა დღეს ეს მდგომარეობა გამოსწორებულია.

სამინისტროს გადაწყვეტილებით გარკვეული კონტიგენტისთვის, მათ შორის 100 000-მდე ქულის მქონე პირებისა და ორსულებისთვის ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ გაიცემა უფასოდ - ფორმა 100-სა  და ექიმის რეცეპტის საფუძველზე. წამალს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გასცემს.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს ვთხოვეთ, არასამუშაო დღეებში, განსაკუთრებით ხვალ, 14 საათის ნაცვლად 17 საათამდე იმუშაონ'' - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში