აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება - გია ქარცივაძე 

26 დეკემბერი 2019, 22:39 2257 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სტრუქტურის შეცვლას და კონკურსების გამოცხადებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძემ ცვლილებების პროექტი მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა.

აჭარის მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დღეს განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, ამას კი იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტიც მარტივად მიხვდებოდა.

გია ქარცივაძის განმარტებით, საქმე ეხება ნორმატიულ სამართლებრივ აქტს, პროცესი კი ისე წარიმართა, რომ არც მრჩეველთა საბჭოს და არც დირექტორს არც ერთი იმპერატიული მოთხოვნა არ დაუცვია. 

ამბობს, რომ ახალ სტრუქტურას არ იცნობს, საკითხთან დაკავშირებით კი, მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა. მისივე განმარტებით, დაგეგმილი რეორგანიზაციისა და ახალი სტრუქტურის შესახებ არც იმ ადამიანებმა იცოდნენ, რომლებსაც ეს პროცესები პირდაპირ ეხებათ. 

''პროცესი სამართლებრივად იმდენად ცუდად მიმდინარეობს, ამას იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტიც, რომელსაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესახებ ორი ლექცია მაინც მოუსმენია მიხვდება, რომ ეს პროცესი ის არ არის, რასაც კანონი ითვალისწინებს.

 საუბარია ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებაზე, ცვლილებაზე. მაუწყებლის დებულება არის ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტი, ამ დოკუმენტის მიღებისათვის სპეციალური თავია გამოყოფილი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ანუ პროცესი ამ დრომდე ისე წარიმართა, არც ერთი იმპერატიული მოთხოვნა არც მრჩეველთა საბჭოს და არც დირექტორს არ დაუცვია. განხილვის პროცესიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. უფრო მეტიც ეწინააღმდეგებოდა ყველა რეგულაციას. 

სტრუქტურა არ მინახავს, რა გითხრათ. მე ადამიანს, რომელსაც მევალება უწყებაში რეორგანიზაციის წარმართვა და ასევე იურიდიულ სამსახურს, რომელთანაც სტუდიაში შემოსვლამდე კომუნიკაცია მქონდა, აზრზე არ ვართ. მე დებულების აღწერა არ ვიცი, შეიძლება ვეთანხმები მაგრამ პროცესი, რომელიც აქ მიდის სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია. როგორ შეიძლება კანონის მიღმა გაკეთებული პროცედურა შეაფასო სწორად ან მოგეწონოს. 

ნორმატიული შინაარსის დოკუმენტს ღებულობენ, თუ ნორმატიული არაა თქვან მაშინ ბატონი გიორგიც იურისტია და იურისტი ყავს მრჩეველთა საბჭოს, რომელიც როგორც მე ვიცი კვალიფიციურია. თქვან, რომ ეს არ არის ნორმატიული შინაარსის დოკუმენტი. კითხეთ ნებისმიერ, თუნდაც მათი მიმართულებით ტენდენციურ იურისტს, მეც მათი მიმართულებით ტენდენციური ვარ, რადგან მაუწყებლის თანამშრომელი ვარ, მაგრამ იმდენად აბსურდია, რომ არ ვთქვა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას. ადამიანები ჩემს ირგვლივ ამას უყურებენ, როცა სიბინძურე ხდება უწყებაში ხომ უნდა ითქვას'' - განაცხადა პირდაპირ ეთერში საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსმა.

გია ქარცივაძე ამბობს, რომ დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ბევრი საინტერესო ფრაზა გაიგონა.

''მილიონი მარგალიტი იყო სხდომაზე, მე ჩანაწერს ვუსმინე და ბოლომდე ვერ მოვასწარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი არის: მრჩეველი ამბობს, რომ ეს სჭირდება დირექტორს საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად. იმას კი არ ამბობენ, რომ ეს საჭიროა მაუწყებლის განვითარებისთვის. მეორე ამბავია, ის რომ  სამსახურებს ამატებენ შესვენებაზე. ვიღაცას გაახსენდა სხდომაზე, რომ რაღაც სამსახური გამორჩათ, ტექნიკური შესვენება გამოაცხადეს და ჩავამატოთო. ეს რა განხილვაა, რა პროცესია? 

ერთ ერთი მრჩეველი ამბობდა, რომ შეხვედრები გავმართეთ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთანო, სტრუქტურული ერთეულის არც ერთმა ხელმძღვანელმა არ იცის დღეს დირექტორმა რა წარადგინა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო რას განიხილავს. მრჩევლების დიდი ნაწილი, რომ სამართლებრივ საკითხებში დილეტანტია ეს ცხადია, დღეს ისეთ კითხვებს სვამდნენ, ისეთ საკითხებზე აკეთებდნენ აქცენტებს...

იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად მრჩევლების დიდი ნაწილი ამ საკითხში ვერ ერკვევა, ან არ უნდა რომ გაერკვეს... როცა მძიმე, მძიმე სიტყვებით და გაგონილი სამართლებრივი ტერმინებით საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ძალით თავს იბრმავებენ ან სრულ სიბეცესთან გვაქვს საქმე. 

ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, რომ აქ გარეშე პირების ჩართვა არ შეიძლება რადგან ხელს შეგვიშლიანო. ნორმატიულ დოკუმენტზე მუშაობდე და გარეშე პირები არ ჩართო ეს სადაური წესია. საჯარო დაფინანსების ორგანოში სადამფუძნებლო დოკუმენტში იღებდე ცვლილებას, ვითომ ეს მათი შპს და მათი ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავენ. 

წამყვანი: თუმცა ბატონი გიორგი კოხრეიძე დათანხმდა გასაჯაროებას

გია ქარცივაძე: დათანხმდა მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მრჩეველი თამარ წილოსანი სხდომაზე აღარ შევიდა. ანუ განწირული იყო ეს ჩავარდნისათვის და იძულებული იყო დათანხმებულიყო. 

რაც შეეხება სტრუქტურის მსგავს განაწილებას. მე ადამიანურად ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ სოსო სტურუას, რომელიც ერთ-ერთი რეორგანიზაციის განხორციელების დროს დირექტორი იყო. მან იცის რა რთული პროცესია, მაგრამ დღეს ისე ჩაატარა სხდომა თითქოს არ იცოდა... როდესაც აკეთებდა სინერჯი, სამსახურის ხელმძღვანელებზე კი არაა საუბარი, მაუწყებლის ყველა თანამშრომლის აზრი მოვიკითხეთ.

გია ქარცივაძემ თქვა, რომ დღეს მრჩევლები, საბჭოს მეოთხე წევრის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. 

''უბედურება არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთ ერთი მრჩეველი და სხვა სუბიექტი ცდილობდა მეოთხე მრჩევლის შეცდომაში შეყვანას. მხარი დამიჭირე იმაში, რომ ეს საჯარო გავხადო. ეს რა უბედურებაა. საჯარო უნდა იყოს მანამდე, სანამ თამარ წილოსანი ხელს აუწევს. შეცდომით მიაცემინებდნენ ხმას და შემდეგ იტყოდნენ ჩვენი 4 მრჩევლის მხარდაჭერა გვაქვსო, ამას იტყოდნენ ძალიან მარტივია. მივწერე, არ ვიცი თუ წაიკითხა, ქალბატონო თამარ გატყუებენ, ეს გასაჯაროებული უნდა იყოს მხარდაჭერამდეთქო.

ეს დოკუმენტი, რომ მიეღოთ მაქსიმუმ ორშაბათს იქნებოდა უზრუნველყოფაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მე არ ვიცნობ ბათუმში მოსამართლეს, ვინც ამაზე თვალს დახუჭავდა და გაატარებდა. ნებისმიერი ამას შეაჩერებდა. 

და კიდევ ერთი დეტალი. ნათია ზოიძის მხარდამჭერი არ ვარ ღიად გეტყვით, მაგრამ მოადგილეს, რომელსაც ედავებიან იმას, რომ ახალი ამბების სამსახურში ერევაო. ნათია არ ჩაერიოს როგორც მოადგილეო და ახლა ერთ წელს ერთს შეუძლია ჩაერიოს, მეორე წელს მეორეს. რაზეც გუშინ წინ საუბრობდნენ, მე მესაუბრებოდნენ და მაჯერებდნენ, რომ დირექტორის მოადგილე არ შეიძლება იყოს სარედაქციო საბჭოშიო, ახლა ამას ოფიციალურ დოკუმენტად აქცევენ'' - განაცხადა საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსმა. 

ცვლილებების მიხედვით აჭარის მაუწყებლის დირექტორს 2-ის ნაცვლად 5 მოადგილე ეყოლება - ეს პირები კი სამსახურების უფროსები იქნებიან, ოღონდ მათ მრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონკურსების გავლა მოუწევთ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში