ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა ნახევარფინალში გავიდა 

29 ნოემბერი 2019, 10:16 2390 ნახვა

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ტურნირი გუშინ დაიწყო და მასში 37 ქვეყნის 336 ბატუტისტი მონაწილეობს.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც თამაშდება. ჯამში 8-8 საგზური როგორც გოგონებში, ასევე – ვაჟებში გათამაშდება. გოლოვინამ 2 გამოსვლის ჯამში 100.520 ქულა მოაგროვა და 79 მონაწილეს შორის 22-ე შედეგი დააფიქსირა.

ნახევარფინალში 24 საუკეთესო გადიოდა, ამით, ქართველმა სპორტსმენმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ევროპელ გოგონათაგან ლუბას მხოლოდ ცხრამ გაუსწრო. პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა:

1. ლინლინ ლიუ (ჩინეთი, 106.460 ქულა)

2. იანფეი ჰუანი (ჩინეთი, 105.375) 

3. ჰიკარუ მორი (იაპონია, 105.065) 

ნახევარფინალური ეტაპი ხვალ 30 ნოემბერს არის დაგეგმილი. ფინალში 8 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გასვლა ვერ შესძლო საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა თენგიზ კოშკაძემ. ქართველმა ბატუტისტმა 107.935 ქულით 33-ე შედეგი აჩვენა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში