აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გიორგი კოხრეიძე დარწმუნებულია, რომ მესამე კონკურსის შედეგებით ის ტელევიზიის დირექტორია. რა იქნება და როგორ თუ სხვა დირექტორს აირჩევენ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ალბათ იურისტები გამოსავალს იპოვიან.
საკითხის შესახებ კანდიდატმა გასაუბრების დაწყებისას ისაუბრა და თქვა, რომ არცერთ საინფორმაციო გამოშვებაში ამის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა.
გიორგი კოხრეიძემ ასევე დასძინა, რომ ორხმიანი ლეგიტიმაცია მისთვის არაფერს ნიშნავს.
''სასამართლოს გადაწყვეტილებით ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მე აუცილებლად გავიმარჯვებ. სხვა ადამიანის დირექტორად არჩევის შემთხვევაში რა იქნება და როგორ არ ვიცი. ალბათ იურისტები, როგორც ყოველთვის გამოსავალს იპოვიან. ეს რაც შეეხება სასამართლოს. ჩემთვის ორხმიანი ლეგიტიმაცია არც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიშნავს რამეს. წინა პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ აუცილებელია ბორდის ყველა წევრი გაერთიანდეს ერთი აზრის გარშემო, რაც სჭირდება მაუწყებელს და არა გარკვეულ ინტერესებს. წინა შეთხვევაში იყო ამ ინტერესებისთვის ბრძოლა. ჩემი აზრით ეს არის იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ეს პროცესი აქამდე მიიყვანეს. მე თუ მოვედი აქ არავის არაფერი ემუქრება, აბსოლუტურად არავის. ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს არის ის, რომ ადამინების შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. დაფასება არ არის მარტო ხელფასი. დაფასება არის ის, რომ შენს გაკეთებულ პროდუქტს უყურებდეს ადამიანი'' - თქვა გასაუბრების დროს გიორგი კოხრეიძემ.
დირექტორობის კანდიდატმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს უთხრა, რომ ის სქრინშოტებით მივიდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ფეისბუქგვერდიდან ამოიღო. მისი თქმით, გარკვეულ გადაცემებს ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს.
''10 ადამიანია მონაწილე, მეთერთმეტე წამყვანი და ამ გადაცემას 8 ადამიანი უყურებს, არა მგონია ეს იყოს შრომის ადეკვატური დაფასება. საჭიროა პირველ რიგში სიმშვიდე, არავის არაფერი ემუქრება. ყველა შეძლებს თავის მაქსიმალურად გამოვლენას, ამისთვის კი ორგანიზაციული სიჯანსაღეა საჭირო'' - თქვა კოხრეიძემ.
დირექტორობის კანდიდატმა გასაუბრების დროს ასევე აღნიშნა, რომ არ მოსწონს ცენტრალური ამბების ამ დოზით გაშუქება. მისი აზრით რეგიონს ნაკლები დრო ეთმობა, თბილისში მიმდინარე ამბებს კი გაცილებით მეტი.
პრობლემად მიიჩნია წამყვანების ოპონირება რესპოდენტებთან და თქვა, რომ ამ პრობლემას იოლად მოაგვარებს: "მარტივ რამეს ვიტყვი, დღეს გვესმის ყურში, თავდაცვის მიზნით ხდება ეს თუ რა მიზნით, ვიღაცა, რომელიღაცა რესპონდენტი შემოეკამათა წამყვანს. ეს პრობლემა ძალიან მარტივად გვარდება და ამას აქვს მიზეზი, რატომაც მოხდა ეს კონფლიქტი. რომ ჩვენ მსგავსი გვინახავს სხვაგანაც, მაგრამ არ მისულა ეს ყველაფერი იმ კონფლიქტამდე, რომელმაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამისთვის არის საჭირო ის, რომ გააცნობიეროს ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა, რომ ის ყოველთვის არის მიმტანი გარკვეული ინფორმაციის.
იმიტომ, რომ კრიტიკულობაზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ტელევიზია უნდა იყო კრიტიკული, მაგრამ ეს თუ დადის თანამშრომლის დონეზე, იქ უკვე მის განწყობაზე ვართ დამოკიდებული, იმან როგორ გაიღვიძა დილას, და ბევრ დონეზე ვართ" - განაცხადა აჭარის ტელევიზიის ერთ -ერთმა კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრების დროს.