კომპიუტერთან თუ მუშაობთ, თქვენს უსაფრთხოებას კანონი გააკონტროლებს - ნახეთ რეგულაციები

10 ოქტომბერი 2019, 14:43 1121 ნახვა

საქართველო ახალ წესებს მიიღებს იმ დასაქმებულთათვის, ვისაც კომპიუტერთან უწევთ მუშაობა.

ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

განისაზღვრება, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სამუშაო ოთახი, რამდენი კვადრატული უნდა იყოს სამუშაო სივრცე, განათება და სავარძელი, რომელიც დასაქმებულზე იქნება მორგებული. 

დირექტივაში განსაზღვრულია როგორ უნდა დასხდნენ თანამშრომლები მონიტორთან, იმისთვის რომ ჯანმთელობა არ დაუზიანდეთ. რამდენი ხანი უნდა გაატარონ ეკრანთან შეუსვენებლად და სამი საათის შიგნით, რა ტიპის ფიზიკური აქტივობები უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, უწყვეტი 3 საათიანი მუშაობის შემდეგ, 10 წუთი ფეხით გავლა და თვალის დასვენება მონიტორისგან.

რამდენიმე რჩევა კომპიუტერთან მუშაობის დროს:

  •  აუცილებელია კომპიუტერთან გქონდეთ მოხერხებული მაგიდა და სკამი.
  • ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხებული სავარძელი,  სასურველია, სავარძელი გორგოლაჭებზე იდგეს და სიმაღლისა და საზურგის დახრილობის რეგულირებაც შეიძლებოდეს.
  • მიაქციეთ ყურადღება მონიტორის მდებარეობას. დაიმახსოვრეთ, ეკრანის ცენტრი თვალების დონეზე ოდნავ დაბლა უნდა იყოს, რომ სკამზე ჯდომისას არც თავის დახრა დაგჭირდეთ და არც მხრებში მოხრა.
  • კომპიუტერმა თვალი ნაკლებად რომ დაგღალოთ, ოთახი სათანადოდ უნდა იყოს განათებული. ოთახის არც ჩაბნელება ვარგა და არც მეტისმეტად გაკაშკაშება. საუკეთესო ვარიანტია, დაბინდული გაფანტული განათება.
  • არ არის სასურველი კომპიუტერის ფანჯარასთან დადგმა. თუ ეს გარდაუვალია, პრობლემას სქელი შტორები ან ფარდა-ჟალუზი გადაგიჭრით.
  • მონიტორის ეკრანი თვალებიდან 50-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ ამ მანძილზე ცუდად ხედავთ, ახლოს კი ნუ მიუცუცქდებით, შრიფტი გაზარდეთ.
  • დროდადრო დახუჭეთ თვალები, გააკეთეთ თვალის კუნთის ვარჯიშები.  ეს კუნთებს დასვენების, ლორწოვანს კი დატენიანების საშუალებას მისცემს.
  • მონიტორის ეკრანი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. თუ სათვალით მუშაობთ, ისიც აბსოლუტურად სუფთა უნდა გქონდეთ. მონიტორის ეკრანი კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდეთ (სჯობს, სპეციალური სითხით ან ხელსაწმენდით), სათვალის კრისტალურ გამჭვირვალობაზე კი ყოველდღიურად იზრუნეთ.

ეს რჩევები, რომელიც  შესასრულებლად მარტივია, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი