ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის, დავით გარეჯში არსებული ეკლესიები გაიხსნება - პრემიერ მინისტრი

10 ოქტომბერი 2019, 18:00 778 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაქოში  ვიზიტი შეაჯამა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც დავით გარეჯია.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები , რომლებიც არ არის დადგენილი.

"ეს არის ჩვენი პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და ამას მეც სრულად ვეთანხმები,  რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. ჩვენ გვქონდა ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის, კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ დავით გარეჯის პრობლემა  ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

"პრობლემა უნდა გადაწყდეს ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. მინდა ყველას გითხრათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვმართებს სიფრთხილე მათ შორის, ჩვენს მოქალაქეებს ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში. სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი  არ ნიშნავს ფსევდო პატრიოტულ გამოხტომებს, გაუაზრებელ ნაბიჯებს და გამონათქვამებს"-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი