ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"დაგვრჩა ის, რომ სასამართლომ სამართლებრივი ანალიზი გააკეთოს ამ საქმესთან დაკავშირებით და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. სხდომა 26 სექტემბერს, 10 საათზე ჩაინიშნება. როგორც იცით მხარეების დასწრება გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, არაა სავალდებულო" - განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
დღეს მხარეებმა მოსამართლეს პოზიციები გააცნეს. ბათუმის მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქალაქეებმა საკუთარი ფულით შეიძინეს, სახელმწიფოს მიტაცებული აქვს.
ნოდარ პაქსაძემ დღეს სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ მერიის პოზიცია მათთვის გაუგებარი იყო და გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
''2015 წლის აღწერით აჭარაში 65% მუსლიმი ცხოვრობს. დასტურდება, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა. აჭარლებს სინდისი და ნამუსი არასდროს დაუკარგავს, ისინი ძირძველი ქართველები არიან. აჭარლები თავს ლაფს არასდროს დაისხამენ.
ძალიან გაოგნებული ვარ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის პოზიციით. ადამიანები, რომლებმაც შეხვედრის დროს არანაირ სითბო არ გამოხატეს. კონსტიტუციით ყველას გვაქვს უფლება მის ნაკვეთზე ააშენოს საკულტო ნაგებობა. მერიას ამ საკითხის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ რა გადაწყვეტილება მიიღო? ეს ადამიანები დავალებას ასრულებენ და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
იქ, სადაც ჩვენ მეჩეთის მშენებლობას ვითხოვთ, ირგვლივ რვა ეკლესიაა. მიწის ნაკვეთი შესყიდული გვაქვს და სახელმწიფოს აქვს მიტაცებულია. იმ რვა ეკლესიას კი პირიქით, მიწა სახელმწიფოსგან აქვს მიტაცებული. და როცა ვეკითხებით რატომ ხდება ასე, ვერაფერს გვპასუხობენ'' - თქვა სხდომაზე ნოდარ პაქსაძემ.
2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა.
მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.
სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა.