''შეხვედრა შეურაცხმყოფელი იყო'' - მუსლიმ თემსა და მერიას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა

09 ივლისი 2019, 17:46 3381 ნახვა

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული წინადადებები მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. 

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, ლაშა კომახიძე ჯიუტად რჩება ძველ პოზიციაზე და აპირებს მუსლიმებს წაართვას ის ტერიტორია, რომელიც წლების წინ შეიძინეს. 

21 ივნისს მერიამ, მოლაპარაკებაში ჩართულ პირებს შესთავაზა მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაეცათ. ახალი მეჩეთის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამაში რისკებს ხედავენ და წინადადებას იწუნებენ. 

''დღევანდელი შეხვედრა იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი მუსლიმი თემის მიმართ, მან ჯიუტად განაცხადა, რომ აპირებს წაართვას მუსლიმებს ტერიტორია, რომელიც ჩვენ საკუთარი სახსრებით შევიძინეთ. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის გამოსამჟღავნებლად. ჩვენ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე მივდივართ, გვინდა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს, მაგრამ მივხვდით, რომ ამ მოლაპარაკებით ცდილობენ წაგვართვან ის ტერიტორია, სადაც უკვე სამლოცველო გვაქვს გახსნილი. საქმე გაგრძელდება სასამართლოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო შედეგამდე მივალთ. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება თემის მიმართ არა მხოლოდ დისკრიმინაციულია, არამედ შეურაცხმყოფელია, რადგან წლების განმავლობაშ მუსლიმ თემს არ ეძლევა საკუთარი რელიგიის რეალიზებისათვის შესაბამისი უფლებები

დარწმუნებულნი ვართ, რომ შევძლებთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. ამოვწურავთ ყველა გზას, რომელიც არის სამართლებრივი მეთოდებით. თუ სამართლებრივი მეთოდებით ვერ მივაღწევთ მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტას საბოლოოდ განვახორციელებთ იმ ქმედებებს, რომელი ქმედებითაც აქამდე აშენებულა და შენდება ეკლესიები. ჩვენ გვინდა, რომ პრეცედენტი დაიშვას, ამ ქვეყნის დემოკრატიას ხაზი გაესვას, ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა, ამიტომ გვიღირს ეს ბრძოლა და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მე ვფიქრობ, რომ მერი ძალიან ცუდად მოექცა მუსლიმ მრევლს. მივმართავთ სასამართლოს, რომ უახლოეს დღეებში სხდომა ჩანიშნოს,'' - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ. 

ბათუმის მერი კი ამბობს, რომ საპირისპირო მხარისგან მზაობას ვერ ხედავს. ლაშა კომახიძის თქმით, 21 ივნისს გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული შეთავაზება ძალაში რჩება და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. 

მერი ფიქრობს, რომ პრობლემის დიალოგის გზით მოსაგვარებლად რესურსი არსებობს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ წინადადებებს, ლაშა კომახიძე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება. 

''მოვისმინე განცხადებები იმის შესახებ თითქოს რაღაც შეურაცმხყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებთ. ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმები, პირიქით, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა და მოწიწება დავაფიქსირო ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად ჩვენი შეხედულებებისა. განსაკუთრებით მოფერებით და სიყვარულით მინდა მუსლიმი მრევლის წინაშე დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება. შესაძლოა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, თუმცა რას თვლიან შედეგად მხარეები ეს არის მნიშვნელოვანი. იმ მიზნის მისაღწევად, იმ პრობლემის გადასაჭრელად რაც მხარეების წინაშე დგას, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კონკრეტული შეთავაზება, ასევე მედიის საშუალებით აღნიშნული იყო დეტალები ამა თუ იმ ასპექტში და მე არ ვაპირებ ამის ხელმეორედ განმეორებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს წინადადებებზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ საერთო გამოსავლის საპოვნელად რესურსი კიდევ არის დარჩენილი. მინდა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერსებულ პირს ვუთხრა, თემა ნამდვილად ფაქიზია და ითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას. მუნიციპალიტეტი, თვითმმართველობა, ყველა ჩართული ორგანო მზად ვართ  იმისათვის, რომ პრობლემა იყოს გადაწყვეტილი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად ურთიერთგაგებით'' - აცხადებს ქალაქის მერი. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი ანზორ ხატიაშვილი ამბობს, რომ მორიგება ვერ შედგა და სასამართლოს სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავენ. 

''შეხვედრამ არ ჩაიარა პროდუქტიულად, ვერ შედგა მოლაპარაკება, კონკრეტული წინადადება არ იყო წარმოდგენილი. წინა შეხვედრაც დაეთმო ზოგად საკითხებზე მსჯელობას და კონკრეტული არაფერი ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ მუსლიმთა სამმართველო რაიმე ფორმით ჩართულიყო ამ პროცესში, ან რაიმე ფორმით საკუთრებაში გადაცემულიყო ის მიწა რომელიც შეძენილი აქვს ფონდს. ამ პოზიციას ფონდი არ ეთანხმება. ჩვენ უნდა შევატყობინოთ სასამართლოს, რომ მორიგება ვერ შედგა მხარეებს შორის და განისაზღვრება სხდომის თარიღი'' - ამბობს იურისტი, რომელიც მოლაპარაკებებს ესწრებოდა. 

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა. სასამართლო პროცესების გადადების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი