ივანიშვილმა შს მინისტრი უწყებიდან გადაიყვანა, მაგრამ დააწინაურა - ეკა ბესელია

03 სექტემბერი 2019, 11:23 1314 ნახვა

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა ფორმალურად დააკმაყოფილა. 

გიორგი გახარია უწყებიდან გადაიყვანა, მაგრამ დააწინაურა. 

ბესელიამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ პროცესები ნეგატიურია და ის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. 

''გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, ალბათ მოულოდნელი იყო, რადგან ეს ინფორმაცია იყო და პროცესები ამისკენ მიდოდა. მე მგონი აქ ერთგვარი კომბინაციის თაობაზე მიიღო პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება. ერთის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრი გადაიყვანა, მაგრამ დააწინაურა. გიორგი გახარიას პრემიერის პოზიციაზე გადაყვანა საზოგადოების იმ ნაწილის გამოწვევაა, რომელიც ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს'' - განაცხადა დეპუტატმა. 

ბესელიას თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაყვანა კითხვით ნიშნებს უჩენს.

მეორეს მხრივ ამ გადაადგილებას, რომ შევხედოთ მართალი გითხრათ უცნაურად მეჩვენა თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მე ვიცი, რომ მას ჰქონდა დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან მხარდაჭერა. რატომ მოხდა? რამე არის შესაცვლელი თავდაცვის კუთხით ამას განმარტება სჭირდება. 

მთლიანობაში ნეგატიურად ვუყურებ ამ პროცესს და მგონია, რომ ეს ცვლილებები ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული'' - ამბობს ეკა ბესელია. 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 3 სექტემბერს, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში