აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა

25 აგვისტო 2019, 17:26 1930 ნახვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ 2 წევრის თანხმობით მიიღო, ერთმა წევრმა , გიგა ჩხარტიშვილმა კი კენჭისყრისას თავი შეიკავა. გიგა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ ბორდს ჯერ დირექტორის არჩევის წესის შეცვლაზე უნდა ემსჯელა.

ცვლილებებზე მსჯელობას აანონსებდა ბორდის თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილიც, თუმცა სხდომაზე განაცხადა, რომ ცვლილება კანონში უნდა შევიდეს რაც კონკურსამდე ვერ მოესწრება. ნატა იმედაიშვილის თქმით,მხოლოდ წესის ცვლილება უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს.

წინა კონკურსის კენჭისყრის დროს დირექტორის არჩევისას კანდიდატებზე ქულების მინიჭების ვერსიაზე საუბრობდა ბეჟან გობაძეც , თუმცა კონკურსის ძველი წესის გამოცხადებას დღეს მხარი დაუჭირა და აღნიშნა , რომ რადგანაც წინა სამი კონკურსი არსებული წესით ჩატარდა უმჯობესია შემდეგი კენჭისყრაც იგივე წესებით გაიმართოს.

დღეს ბორდის სხდომას გიორგი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა, სხდომაზე ირაკლი დარსმელიძეც არ იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი ბორდის სხვა წევრებისთვის არ უცნობებია.

განაცხადების მიღება ხვალიდან, 26 აგვისტოდან დაიწყება და  24 სექტემბრამდე გაგრძელდება, არჩევის შემთხვევაში კი ტელევიზიასა და რადიოს ახალი დირექტორი 4 ოქტობერს უნდა ჰყავდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში