პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ, ხალხო, ცამდე მართლები ვართ - ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არაფრის ეშინია, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.
„მთელი ჩემი და ბადრის ცხოვრების, ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები და შემიძლია, ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, ვართ პირნათელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია ან ყადაღის დადების, რაც გუშინ გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.
მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება? ასეთი სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით გაჩუმებულები რომ ხართ? ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? შერჩევითი სამართალი? არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის დასაზუსტებლად პროკურატურაში დღეს დაიბარეს.
ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ დღეს პროკურატურაში ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტებით საქმეში არსებითად არაფერი შეცვლილა. იურისტის განმარტებით, მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ავთანდილ წერეთლის გვარია რამდენიმე ადგილას ჩამატებული.
ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.
''ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა'' - ამბობს ადვოკატი.