საქართველოდან ამერიკაში შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

21 აგვისტო 2019, 17:15 1203 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები სექტემბერში შედგება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორი წამყვანი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვდება.

ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ „რაინეართან“ მოლაპარაკების მსგავსად, ეს შეხვედრებიც წარმატებით დასრულდება. 

„ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური მესიჯი, ასევე ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს. ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შემდგომ მოლაპარაკებებში დაგვეხმარება”, – აღნიშნა მინისტრმა.

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. 

ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ნოემბერში დაიწყებს. ფრენები პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შესრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში