"მივმართავ უმაღლეს საბჭოს დაიწყოს აჭარის მაუწყებლის ბორდის დათხოვნის  პროცედურები"-კანდიდატი

20 აგვისტო 2019, 14:33 2267 ნახვა

"მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს, უარს ვაცხადებ გასაუბრებაზე"- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა ფირუზ ბოლქვაძემ გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვა.

კანდიდატის განმარტებით, მისთვის წინასწარაა ცნობილი ვის აირჩევს დირექტორის პოსტზე მრჩეველთა საბჭო. "აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ რა ხედვას წარადგენს" - განაცხადა კანდიდატმა. 

"გადაწყვეტილება აპრიორი მიღებულია, კანდიდატიც შერჩეულია და მე შემიძლია დავასახელო ეს კანდიდატი - ეს არის თინა ცისკარაძე. ამ გარემოებიდან გამომდინარე  ვთვლი, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიულობასთან, უფრო მეტიც ის საზიანოა მაუწყებლის განვითარებისთვის. თქვენ სამწუხაროდ გააგრძელეთ  ძველი პრაქტიკა, თუ რა გზითაც მოვიდა ხელმძღვანელად ნათია კაპანაძე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე,  სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს, უარს ვამბობ კითხვებზე პასუხების გაცემაზე " - ამბობს ფირუზ ბოლქვაძე.

მისივე თქმით, დღეს არის მოცემულობა, როდესაც ტელევიზიას არ გვაქვს დამტკიცებული პრიორიტეტები, ამოიწურა პრიორიტეტების შესრულების ძველი ვადებიც. 

"სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უმაღლესმა საბჭომ დაიწყოს მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცესი. აქამდე რატომ არ დაიწყო, ეს ცალკე კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ პროცესი არ მიდის სწორად, ის არ არის ნდობით გამყარებული და აზიანებს მაუწყებლის მომავალს. მე არ მაქ ილუზია, რომ თქვენ ვადამდე ადრე შეწყვეტთ უფლებამოსილებას და მისცემთ საშუალებას ახალ მრჩეველთა საბჭოს აირჩიოს მაუწყებლის დირექტორი. ჩემს ხელთ არსებულ საშუალებას გამოვიყენებ, რომ მივმართო უმაღლეს საბჭოს დაიწყოს ეს პროცედურები".

ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით იმის გამო, რომ  ვერ მოხდა მაუწყებლის ხელმძღვანელის არჩევა ამან კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. მისივე თქმით,  პროცესისდმი ნდობა ნულამდეა შემცირებული, როგორც საზოგადოების, ისე სამოქალაქო სექტორის მხრიდან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში