''ვითხოვთ ხულო-ადიგენის გზის მოწესრიგებას'' - აქცია ხულოში

01 ივლისი 2019, 12:56 2685 ნახვა

ხულოში სოფელ პაქსაძეების ხიდთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.  ადგილობრივები ხულო - ადიგენის გზის მოწესრიგებას ითხოვენ.

''ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა ადიგენი-ახალციხის ცენტრალური გზის მოწესრიგება. ზამთრის შემდეგ გზა  უფრო მეტად დაზიანდა და ავტომობილების გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამ გზით სარგებლობს ბევრი ტურისტი, პრობლემის გამო მთებში იალაღებზე ადგილობრივი მოსახლეობაც ვერ მიდის.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ.  თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება მაშინ მოგვიწევს აქციების გამართვა და გზის გადაკეტვა''- ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყველა ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ ხულო-ადიგენის,  ხულო-გოდერძის მონაკვეთის გზის მონაკვეთები მოწესრიგდება თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

აქციის მონაწილეებს  ხულოს მერი შეხვდა. ვახტანგ ბერიძე ადასტურებს, რომ  აღნიშნული მიმართულებით  საავტომობილო გადაადგილება გართულებულია.

''ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომელმაც გზის ეს მიმართულება უნდა მოაწესრიგოს  ხარვეზებით მუშაობს. პრობლემის გადასაჭრელად  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია. კომპანიას პასუხს კანონის ფარგლებში მოვთხოვთ'' -ამბობს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე.

ადგილობრივების თქმით , თუ კვირის ბოლომდე პრობლემა არ მოგვარდება  საპროტესტო აქციები განახლდება.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში