18 000 ერთი სოფლისთვის და მილიონ ნახევარი ხულოზე -  "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ 

17 მაისი 2019, 14:01 894 ნახვა

ხულოში "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი,  კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ - 1 517 700 ლარით ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.

ირაკლი ჯორბენაძემ ტოკ-შოუ „სათქმელში“ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც მისი მტკიცებით ხელმოწერილია - "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის ა. ბოლქვაძისა და აღმასრულებელი მდივნის, მ.შაინიძის მიერ. ოპოზიციის ამბობს, ეს დოკუმენტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სახელფასო უწყისია.  

"2019 წლის 19 მაისის ხულოს მერობის შუალედური არჩევნების დამტკიცებული სახელფასო უწყისი," - ასეა დასათაურებული დოკუმენტი. მასში წერია, რომ მაგალითად სოფელ დიაკონიძეებში "ქართულ ოცნებას" 11 აგიტატორი და 10 კოორდინატორი ჰყავს. აგიტატორების ხელფასი 300 ლარია, კოორდინატორების ექვსასი, ხოლო ზონის ერთი ხელმძღვანელის 1000 ლარი.  

ამ დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისის გარეშე, ხულოს ყველა სოფლისთვის, სახელფასო განაკვეთებზე, საერთო ჯამში, 18 ათასი ლარი იხარჯება. კოორდინატორებისა და აგიტატორების რაოდენობა კი 9-დან 12-მდე მერყეობს. 

ამ 18 ათასში არ შედის ზონის ხელმძღვანელები, რომლებსაც 1000 ლარი აქვთ და ტერიტორიების სიდიდის მიხედვით, მათი რაოდენობა 1-დან 4-მდე იზრდება. სამუშაო კონტრაქტი ყველას 3 თვიანი აქვს. 

"გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ გადაცემა "სათქმელში" "ქართული ოცნების" კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს კითხვა დაუსვა, იყო თუ არა ეს თანხა ამომრჩევლის მოსასყიდათ გამოყოფილი. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ფული აგიტატორებს ამომრჩევლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

ბრალდებას სიცრუე უწოდა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ. ის არ ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი რეალურია, რადგან ასეთი ხელფასები, მის პარტიას არ აქვს. "კანონის შესაბამისად კოორდინატორებს და აგიტატორებს ვუხდით ხელფასს, თუმცა არა ამ რაოდენობით. მოსყიდვები და ხელფასები თქვენსკენ მოიკითხეთ ბატონებო," -  ამბობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი და ოპონენტს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღესაც შეეცადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან გადაემოწმებინა ინფორმაცია, თუმცა დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი