ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 4 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 04.05.2025
20 | “It Must Have Been Love” – Roxette (1990)
საქვეყნოდ ცნობილი “It Must Have Been Love” 1987 წელს, შვედეთში, როგორც საშობაო სიმღერა ჩაუწერიათ. როქსეტის ერთ-ერთ წევრს, მულტი-ინსტრუმენტალისტს, კომპოზიტორს, პროდიუსერს, 1000-ზე მეტი სიმღერის ავტორსა და ვოკალისტს პერ გესლეს, ეს ჩანაწერი მას შემდეგ გადაუმუშავებია, როცა 1990 წლის რომანტიკული კომედიის Pretty Woman-ის საუნდტრეკისთვის გამოყენების უფლება თხოვეს. "გავიგე, რომ რეჟისორს ძალიან უყვარდა ეს სიმღერა", - ამბობდა მუსიკოსი. "ისიც გავიგე, რომ ხელახლა გადაუმონტაჟებია ფილმი, ეს სიმღერა მასში რომ ჩაესვა."
19 | “Love Takes Time” – Mariah Carey (1990)
საკუთარი სახელ-გვარითვე დასათაურებული პირველი ალბომის მასტერინგი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც მერაია ქერიმ მომდევნო კომპოზიციის დემო ვერსია ლეიბლის პრეზიდენტს დონ იენერს თვითმფრინავში, მგზავრობისას მოასმენინა. ქერის უთხრეს, რომ “Love Takes Time” იყო "კარიერის განმსაზღვრელი". მიუხედავად ვოკალისტის პროტესტისა, სადებიუტო ალბომის ტირაჟირება შეჩერდა და მხოლოდ ამ სიმღერის დამატების შემდეგ განახლდა.
18 | “Woman in Love” – Barbra Streisand (1980)
“Woman in Love” 1980 წელს სტრეიზანდისთვის ბარი და რობინ გიბებმა დაწერეს, თუმცა ბარის განმარტებით, კომპოზიციის მსგავსი ზე-პოპულარობა, ყველაზე მეტად, შემსრულებლის დამსახურებაა და არა შემქმნელების. ”ჩანაწერის წარმატების 80 პროცენტი, მაინც, მას ეკუთვნის.” - უთქვამს ბარი გიბს. ბარბრას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ჰიტის ავტორობისთვის, Bee Gees-ის ზემოთხსენებულ წევრებს, Ivor Novello Award-ის ჯილდო მიენიჭათ ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა მუსიკალურად და ლირიკულად".
17 | “Someone You Loved” – Lewis Capaldi (2019)
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში დაბადებული ლუის კაპალდი მუსიკალურ ჰიტ-აღლუმში პირველად 2017 წელს სამშობლოში მოხვდა, მაშინ იგი ნაკლებად ცნობილი იყო მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. ორი წლის შემდეგ, საფორტეპიანო ბალადა "Someone You Loved" საერთაშორისო ჰიტად იქცა - ცხელი ასეულის უმაღლეს წერტილს 24-ე კვირაში მიაღწია. სიმღერა, რომელიც ავტორმა გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა, 2019 წლის ნოემბერში ბილბორდის მუსიკალურ რეიტინგს ზედიზედ სამი კვირა ლიდერობდა.
16 | “Love Is Blue” – Paul Mauriat (1968)
…ასეთი სიების იშვიათი სტუმარია ხოლმე ფრანგი კომპოზიტორი, არანჟირებათა ავტორი, საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის შემქმნელი და ხელმძღვანელი პოლ მორია. ჟურნალ Billboard-ის ამ რეიტინგის შემქმნელმა ტექნოლოგიამ, კომპოზიტორ ანდრე პოპის მიერ 1967 წელს დაწერილი სევდიანი პიესა “Love Is Blue” 16-ე ადგილზე დაასახელა. ორიგინალში ნამუშევარს ჰქვია "L'amour est bleu" და მან ფართო პოპულარობა პოლ მორიას ორკესტრის მიერ შესრულების შემდეგ მოიპოვა.
15 | “To Know Him Is to Love Him” – The Teddy Bears (1958)
საკულტო ავტორ-პროდიუსერი ფილ სპექტორი, მომდევნო კომპოზიციის შესაქმნელად, ნიუ-იორკში დაკრძალული მამის სასაფლაოს წარწერამ შთააგონა - “To Know Him Is to Love Him” - „მას თუ იცნობდით, გიყვარდათ კიდეც“. სიმღერა 1958 წელს, პირველად The Teddy Bears-მა, შემდეგ კი მრავალმა ცნობილმა არტისტმა შეასრულა. კომპოზიციამ არაერთხელ მიაღწია ჩარტების მწვერვალს, მათ შორის, ბილბორდის ცხელი 100-ეულის სათავეში The Teddy Bears-ის ორიგინალური ვერსია გამოსვლისთანავე მოექცა, ხოლო წლების შემდეგ, ქანთრი სიმღერების რეიტინგში დოლი პარტონის, ლინდა რონშტადტის და ემილუ ჰარისის ტრიოს მიერ გადამღერებული ვერსია მოხვდა.
14 | “Crazy Little Thing Called Love” – Queen (1980)
“Crazy Little Thing Called Love” ფრედი მერკურიმ მიუნჰენის სასტუმრო ჰილტონში, აბაზანის მიღებისას დაწერა, საიდანაც მელოდიის ჩასაწერად სწრაფადვე გავარდნილა გიტარასა და ფორტეპიანოსთან. მის ლეიბლს არ სურდა სიმღერის აშშ-ში გამოშვება, თუმცა რადიოსადგურები მაინც ატრიალებდნენ იმპორტირებულ ბრიტანულ სინგლს, რითიც ხმისჩამწერ კომპანიას ამერიკაში ოფიციალური რელიზიც აიძულეს. შედეგად ეს Queen-ის პირველი სინგლია, რომელმაც Billboard ცხელ 100-ში პირველ ადგილს მიაღწია.
13 | “Because You Loved Me” – Celine Dion (1996)
მიშეილ ფაიფერისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით კინოფილმ Up Close and Personal, ნახვის შემდეგ, რომანტიკულ კომპოზიციათა დიდოსტატი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი დაიან უორენი ამავე ფილმის რეჟისორს ჯონ ავნეტს, მომავალი ფილმის საუნდტრეკის შესახებ ხედვების შესათანხმებლად შეხვდა. როგორი უნდა ყოფილიყო მის მიერ დაწერილი საუნდტრეკი. ის, მოგვიანებით იხსენებდა, რომ მეორე დილით, სამუშაო ოთახში: „თითქოს, ამ კომპოზიციის მისამღერმა, ლირიკულადაც და მუსიკალურადაც, საკუთარი თავი თავად დაწერა“.
12 | “My Love” – Paul McCartney and Wings (1973)
მაკარტნიმ კომპოზიცია “My Love” მისი პოსტ-ბითლზის ჯგუფის, Wings-ის ერთ-ერთი წევრის შესახებ 1973 წელს დაწერა. სენტიმენტური ბალადის შთაგონება პროფესიონალი ფოტოგრაფი და მაკარტნის მეუღლე (1969-დან - 1998 წელს, გარდაცვალებამდე) ლინდა ლუიზა ისტმანი იყო. სიყვარულზე შექმნილ საუკეთესო კომპოზიციათა ბილბორდისეულ 50-ეულში იგი მეთორმეტე პოზიციაზეა.
11 | “Bleeding Love” – Leona Lewis (2008)
მომდევნო კომპოზიცია, პოპ-როკ ჯგუფის OneRepublic-ის ვოკალისტს, ავტორ-შემსრულებელსა და პროდიუსერს რაიან ტედერსა და მომღერალსა და მსახიობს ჯესი მაკარტნის ამ უკანასკნელის დიდხნიანი რომანით შთგონებულებს დაუწერიათ. ჯესი მაკარტნი სიმღერას თავისთვის მოიაზრებდა, თუმცა მისი ხმის ჩამწერი კომპანია ყოფილა წინააღმდეგი... ასე გადაეცა Bleeding Love ბრიტანული X Factor-ის მესამე სეზონის გამარჯვებულს ლეონა ლუისს. სიმღერა პირველად BBC რადიოთი 2007 წელს მოისმინეს, შემდეგ კი სიმღერა ინტერნეტით მილიონ ნახევარზე მეტმა მსმენელმა გაავრცელა და ბუნებრივია, კომერციულმა წარმატებამაც არ დააყოვნა. 51-ე გრემის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "Bleeding Love" ნომინირებული იყო „წლის ჩანაწერისა“ და „ქალთა საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულების“ კატეგორიებში.