ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 1 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 06.04.2025
ინთრო 1:
მასობრივი მუსიკალური კულტურის მთელ ისტორიაში შეუძლებელია იპოვოთ ერთი თემაც კი, რომლის შესახებაც სიმღერა, ან კომპოზიცია, ან თუნდაც, სახუმარო მინი-რეპრიზა არ დაწერილა. მათგან საუკეთესონი ეძღვენება, რაღა თქმა უნდა, სიყვარულს, ამ გრძნობის განდიდებას, აღმაფრენას ან/და პირიქით, დაკნინებას, დამცირებას… სხვადასხვა დროს, არაერთ ავტორიტეტულ მუსიკალურ გამოცემას შეუდგენია სასიყვარულო კომპოზიცების საკუთარი რეიტინგი. ამჯერად, რადიო აჭარის ეთერში, „ფმ ფანტაზიების“ სპეც-თემად მინდა წარმოგიდგინოთ, მუსიკალური ინდუსტრიისადმი მიძღვნილი ყოველკვირეული ჟურნალის, Billboard-ის მიერ, რამდენიმე დღის წინ განახლებული სია. ცნობისთვის, Billboard-ის გამომცემლობა თავის მხრივ მოიცავს შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის ყოველკვირეულ ამბებს, საავტორო სტატიებს, აუდიო და ვიდეო გაყიდვების მაჩვენებლებს, ინტერნეტ-ჩამოტვირთვებს და ა.შ., მაგრამ, მეტად ცნობილი, თავისი ჰიტ-აღლუმებით და მათი ისტორიის განუყოფელი შემადგენელი, ყველა ეპოქაში რომანტიკული მელოდიები იყო. „სიყვარულზე საუკეთესო სიმღერების“ სია „ბილბორდს“ არაერთხელ ჩაუსწორებია. უახლესი ტოპ 50 კი, არა პერსონალის პირადი უპირატესობების საფუძველზე, არამედ, მათივე მტკიცებით, რთული გათვლებით შეუდგენიათ. ერთერთი შესარჩევი კრიტერიუმი ყოფილა სიმღერათა სათაურები, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სიტყვა „სიყვარული“. ამასთან, გაუგებარია, რატომ დაიწყო Billboard-მა ქრონოლოგიური დათვლა 1958 წლიდან, კერძოდ, The Teddy Bears-ის ჰიტით „To Know Him Is To Love Him“. როგორც ჩანს, პრესტიჟულმა მუსიკალურმა გამოცემამ გადაწყვიტა 50-იანი წლების ეპოქა ერთი სიმღერით გაესტუმრებინა. ნუთუ მათ გარდა, არავინ იმსახურებდა ყველა დროის საუკეთესო სასიყვარულო სიმღერათა სიაში შეყვანას, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ის მღელვარე ათწლეულია, რომელმაც მსოფლიოს როკ-ენ-როლი უბოძა?... თუმცა, სიმღერა მართლაც, ბრწყინვალეა და ჯგუფი კი უნიკალური. გარდა ამისა, The Teddy Bears ერთადერთი გაერთიანებაა, რომელშიც დიდი პროდიუსერი ფილ სპექტორი მონაწილეობდა. და სხვათა შორის, ეს სიმღერაც მას ეკუთვნის. Billboard-ის რეიტინგში "To Know Him is to Love Him" მე-15 ადგილზეა. თუმცა, თანდათანობით გავიგებთ, რომ სიის შედგენისას გარკვეული ობიექტურობა დაფიქსირდა.
ინთრო 2:
Billboard-ის ყველა დროის ტოპ 50 სასიყვარულო სიმღერის რეიტინგი ეფუძნება ფაქტობრივ მონაცემებს Billboard-ის ყოველკვირეული ცხელი ასეულის ჰიტ-აღლუმიდან (დაარსებიდან 1958 წლის აგვისტოდან 2025 წლის თებერვლამდე) და მოიცავს სიმღერებს, რომელთა სათაურშია სიტყვა "love" სათაურში (ან მისი ვარიაცია). რეიტინგი განისაზღვრა ინვერსიული ქულების სისტემით, სადაც კვირის განმავლობაში ნომერ 1-ლ ადგილზე ყოფნა გადამწყვეტი გახდა, ხოლო დაბალ ადგილებზე და შედარებით მცირე პერიოდით ყოფნა ქვედა პოზიციების განმსაზღვრელი. წლების განმავლობაში დიაგრამების მეთოდოლოგიაში ცვლილებათა გამო, ეპოქები განსხვავებულადაა შეწონილი, სხვადასხვა პერიოდში დიაგრამების ბრუნვის მაჩვენებლების გათვალისწინებით. ეს არის ხმოვანი მტკიცებულება, რომ ყოველ თაობასთან ერთად, მუსიკალური მოდა იცვლება, თუმცა სიყვარული - და მისგან შთაგონებული სიმღერები - არასოდეს გადავა მოდიდან.
50 | “Lovin’ You” – Minnie Riperton (1975)
საუკეთესო 50-ეულს ხსნის ამერიკელი მომღერლის მინი რიპერტონის კომპოზიცია „Lovin' You“. ეს შემსრულებელი სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტად მუშაობდა 1973 წლის ალბომ Wonderlove-ის ჩაწერისას. სხვათა შორის, სტივი იყო მისი სადებიუტო და მომდევნო სოლო-ალბომების პროდიუსერი. პირველი სინგლი ვერ მოხვდა ჩარტში, მაგრამ შემდეგ იყო "Lovin' You". მიაღწია პირველ ადგილს აშშ-ს Billboard ასეულში 1975 წლის აპრილში, ასევე მესამეს Billboard-ის R&B კომპოზიციებში და მეორე ადგილს გაერთიანებული სამეფოს სინგლების რეიტინგში. 3 დღეში მიენიჭა ოქროს სერთიფიკატი, რადგან მხოლოდ შტატებში იგი მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა. "Lovin' You-ს" მელოდია თურმე შეიქმნა, მისი პატარა ქალიშვილის გასართობად, რათა მშობლებს უფრო მეტად ჰქონოდათ მოსვენების საშუალება. ამ კომპოზიციის ჩაწერის დღესაც ეს ცელქი პატარა დედასთან ერთად ყოფილა სტუდიაში. სიმღერის ბოლოს ისმის კიდეც როგორ მღერის დედა ქალიშვილის სახელს - „მაია“. დასასრულის ამ მონაკვეთს ხშირად რადიოეთერში ჩაუწევდნენ ხოლმე, რადგან მაშინ რადიო წამყვანებს არ მოსწონდათ თურმე, მსგავსი დასასრული.
49 | “You’ve Lost That Lovin’ Feelin'” – The Righteous Brothers (1965)
"You've Lost That Lovin' Feelin'" ფილ სპექტორის, ბარი მანისა და სინტია ვეილის სიმღერაა, ჩაწერილი დუეტ The Righteous Brothers-ის მიერ 1964 წლის ბოლოს. მომდევნო წლის თებერვალში სინგლი ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ამერიკისა და ბრიტანეთის ეროვნულ ჰიტ-აღლუმებში. პოპ და როკ მუსიკაში კომპოზიცია მიჩნეულია ჩაწერისა და არანჟირების სახელგანთქმული ტექნიკის "ხმის კედლის" ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად, რომლის ავტორია თავად სპექტორი - მუსიკის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მუსიკალური ბიზნესის ნოვატორი, ე.წ. „ხმის ქედლის“ პრინციპი ეფუძნებოდა ინსტრუმენტული ნაწილების მრავალჯერად დუბლირებას და მათ მრავალშრიან ჩაწერას. მთლიანი ჟღერადობა შედგებოდა ჩანაწერთა მრავალჯერადი ნაზავისაგან, ხშირად დამატებითი დამუშავებებით, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა ძლიერ ინსტრუმენტულ ფონს. სიმღერა 34-ე ადგილზეა ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში. ორგანიზაცია Broadcast Music Incorporated-ის თანახმად, "You've Lost That Lovin' Feelin'" 2000 წლამდე ამერიკულ რადიოსა და ტელევიზიაში 8 მილიონზე მეტჯერ დაუკრეს, რაც კომპოზიციის ქრონომეტრაჟის 3 წუთის საშუალო ხანგრძლივობით უწყვეტად გაჟღერების შემთხვევაში 45 წელზე მეტს შეადგენს.
48 | “This Guy’s In Love With You” – Herb Alpert (1968)
"This Guy's in Love with You" 1968 წლის ჰიტ-სიმღერაა, დაწერილი ბერტ ბაკარაკისა და ჰალ დევიდის, ასრულებს მას მესაყვირე, კომპოზიტორი და ბიზნესმენი ჰერბ ალპერტი. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ძირითადად ცნობილი იყო როგორც თავისივე დაარსებული ორკესტრის მესაყვირეობით, მომდევნო კომპოზიციაში მან ლიდ-ვოკალის პარტიაც შეასრულა - დაინახა სიმღერაში თვისებები, რომელიც კარგად მოირგო, როგორც მომღერალმა და მესაყვირემ. სინგლმა მიაღწია ნომერ პირველ ადგილს Billboard-ის პოპ სინგლების ჩარტში, და ეს პოზიცია ოთხი კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. ეს იყო პირველი ნომერი 1 სინგლი, არა მხოლოდ ალპერტის შემოქმედებაში, არამედ მისი დაარსებული ხმისჩამწერი ლეიბლისთვის A&M რეკორდსისთვისაც.
47 | “Don’t Let Go (Love)” – En Vogue (1997)
საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციათა 47 პოზიციაზე R&B ჯგუფის En Vogue-ის ერთ-ერთი საფირმო კომპოზიცია "Don't Let Go (Love)". დაიწერა ის 1996 წლის კინოფილმ Set It Off საუნდტრეკისთვის, ასევე გამოჩნდა ჯგუფის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში, EV3. ჩანაწერი En Vogue-ის უდიდესი საერთაშორისო სინგლია, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ჰიტ-აღლუმთა ათეულში მოხვდა. 90-იანი წლების ერთერთი ყველაზე წარმატებული სინგლი რადიო აჭარის ეთერში.
46 | “Justify My Love” – Madonna (1991)
1991 წელს მომდევნო კომპოზიციის ვიდეომ, ზედმეტად სექსუალური ხასიათის გამო, MTV-ს ცენზურა ვერ გაიარა. ტელევიზიამ კატეგორიული უარი განაცხადა ეთერში მის ტრანსლაციაზე. ამ კომპოზიციის შექმნისთვის მისი ავტორები: მადონა, ლენი კრავიცი და ინგრიდ ჩავესი მკრეხელობაში დაადანაშაულეს. აღშფოთდნენ, განკიცხეს, დაბლოკეს. ემტივის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზუსტად რამდენიმე საათში Warner/Reprise Video-მ განაცხადა, რომ "Justify My Love" იქნება კომერციული მიზნებისთვის გამოშვებული ისტორიაში პირველი ვიდეო სინგლი. ჩანაწერმა Billboard ცხელ 100-ში და ბევრ სხვა გლობალურ მუსიკალურ ჰიტ-აღლუმში უმალ მიაღწია უმაღლეს პოზიციას... ამ სიმღერაში მადონა კი არ მღერის, არამედ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ჩურჩულით ლაპარაკობს. ფონური ბექ-ვოკალი კრავიცისაა. როდესაც ტელეარხ ABC-ს ღამის შოუს წამყვანმა ინტერვიუს დროს მადონას უთხრა, რომ მომღერალი ასეთი აკრძალვებით უფრო მეტს მოიგებდა, ვიდრე წააგებდა, მადონამ გაიღიმა და მიუგო: "დიახ, გამიმართლა!..." და მართლაც, ცოტა ხანში ABC-ის "Nightline"-მა ცენზურის გარეშე, სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია გაუშვა.
45 | “That’s The Way Love Goes” – Janet Jackson (1993)
“That’s The Way Love Goes” - ჯენეტ ჯექსონის პირველი სინგლი ლეიბლ Virgin-ის ფარგლებში, მისი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომიდან Janet. ეფუძნება ჯეიმს ბრაუნის ერთერთი R&B ჰიტის, 1974 წლის "Papa Don't Take No Mess" ნიმუშს. ჩანაწერის პირველი მოსმენისას ჯენეტი არ აღფრთოვანებულა, პროდიუსერებმა კი სთხოვეს, წაეღო და ორკვირიანი საშობაო შვებულებისას პერიოდულად მოესმინა. ასეც მოხდა. დაბრუნებისთანავე, ჯენეტს განუცხადებია, რომ ეს იყო "ბომბი". “That’s The Way Love Goes” დადებითად შეაფასა კრიტიკამ, დროთა განმავლობაში არაერთხელ დასახელდა 90-იანი წლების მუსიკის სხვადასხვა შემაჯამებელ რეიტინგში. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მკაფიოდ ეროტიკულმა ტექსტმა. მაშინ "That's the Way Love Goes" მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული საცეკვაო სინგლი და მიიღო გრემი „საუკეთესო R&B სიმღერისთვის“.
44 | “The Power of Love” – Celine Dion (1994)
1984. წელი, როდესაც ხმებმა და მელოდიებმა ახალი ფორმირება განიცადეს, რაც იმ დროის სულისკვეთებას იდეალურად ასახავდა. ასეთ სიმღერათა შორის ერთერთია კლასიკური პოპ-სტანდარტი "The Power of Love"! ბალადა, რომელიც ეკუთვნის ამერიკელ კროსოვერ-ვოკალისტსა და კომპოზიციათა ავტორს ჯენიფერ რაშს. კრეატიული სიმბიოზის ფონზე დაბადებული ეს კომპოზიცია გადაურჩა მუსიკალური ინდუსტრიის ცვალებად ტენდენციებს. აგრძელებს სიცოცხლეს დღემდე და შთააგონებს ახალ-ახალ თაობებს. შეახსენებს ყველას, რომ ჭეშმარიტ მუსიკას შეუძლია გამოგზაუროს დროსა და სივრცეში, ბგერებით დააკავშიროს მღელვარე ემოციები. "The Power of Love" პირველად ჩაწერა ავტორმა, ჯენიფერ რაშმა მისივე სახელ-გვარით დასათაურებული სადებიუტო ალბომისთვის. გამოვიდა გერმანიაში 1984 წლის დეკემბერში. მომდევნო წლის ივნისში კი სინგლი უკვე იყიდებოდა დიდ ბრიტანეთში, 5 კვირის განმავლობაში ლიდერობდა იქაურ ჰიტ-აღლუმში, გახდა წლის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი. აგრეთვე იყო ნომერ პირველი ჰიტი ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, ასევე კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. თუმცა, მშობლიურ ამერიკაში სადებიუტო ალბომის გამოცემა ჭიანურდებოდა, მიიჩნევდნენ, რომ ეს სტუდიური ნამუშევარი „ძალზედ ევროპულად ჟღერდა“. შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ბოლოს და ბოლოს, 1986 წლის იანვარში გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კანადაში პირველ ადგილს მიაღწია, "The Power of Love" ვერა და ვერ გახდა ჰიტი, მას Billboard-ის ასეულში მხოლოდ 57-ე ადგილი ეკავა. თუმცა, კრიტიკა არაერთგვაროვანი იყო, ზოგმა განადიდა ჩანაწერი და თავად ავტორ-შემსრულებელი, ზოგმაც კიდევ არაფრად ჩათვალა ეს ნამუშევარი: აღნიშნავდნენ, რომ მისი "საოპერო მომზადება წარმოუდგენელ დიაპაზონს ავლენს, ყოვლისმომცველია, მოქნილია;" რომ „ეს არის სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებს სიყვარული მასშტაბებს, უცნობად აქცევს ინდივიდის არსებობას, დეზორიენტირებული უფსკრული კი ემოციურ რეალობას გაჩვენებთ;“ The New York Times-მა დაწერა, რომ რაშს აქვს "გამორჩეული ალტო, რომელიც დაუვიწყარია, დეკლამატორული, საოპერო ხარისხტან გატოლებული საშემსრულებლო სტილის გამო. ერთი რეცენზენტის თქმით ეს "სულელური ბალადაა."
კომპოზიცია მოგვიანებით გადაამღერა რამდენიმე სხვა ცნობილმა არტისტმა, მათ შორის ლორა ბრანიგანმა, ანდრეა ბოჩელიმ, დუეტმა Air Supply, ითარგმნა რამდენიმე ენაზე, შესრულდა საორკესტრო ვერსიებიც. თუმცა ყველაზე მეტი წარმატება სელინ დიონის ვერსიამ დაიმსახურა. არის დიონის მესამე ინგლისურენოვანი სტუდიური ალბომის, 1993 წლის The Color of My Love-ის ნაწილი. სელინის ქავერმა მაგნიტივით მიიზიდა აუდიტორია, ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ბილბორდის ცხელ ასეულს, იგი სელინ დიონის პირველი სიმღერაა, რომელმაც შტატებში მწვერვალს მიაღწია. სიმღერას მიენიჭა პლატინის და ოქროს სერტიფიცირება, საერთო გაყიდვებით მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ეგზემპლარი. ყველა დროის საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციათა ბილბირდისეულ რეიტინგში კი იგი 44-ეა. კლასიკური კომპოზიცია ვნებებზე, მუდამ თანამედროვე ელფერით, ურთულესი მუსიკალური თვალსაზრისით, მაგრამ მუდამ აღსავსე ემოციებით.
43 | “I Love You Always Forever” – Donna Lewis (1996)
43 ადგილი საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციებში ეკუთვნის უელსელ ვოკალისტს დონა ლიუისის სადებიუტო სინგლს "I Love You Always Forever". შთაგონებულია ბეიტსის რომანით Love for Lydia და სწორედ აქედან ყოფილა გადმოღებული მისამღერის კუპლეტი. ეს იყო კომერციული ჰიტი, თუმცა მაქსიმუმი წარმატებისა რასაც მიაღწია იყო მეორე ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში, ჩანაწერმა ვერა და ვერ შეძლო Los Del Rio-ს მაკარენას ჩანაცვლება პირველ ადგილზე.
42 | “I Just Called to Say I Love You” – Stevie Wonder (1984)
თვით მუსიკის ლეგენდამ დაიონ უორვიკმა ურჩია თურმე 80-იანი წლების ერთერთ სახელგანთქმულ მსახიობს, რეჟისორსა და პროდიუსერს ჯინ უაილდერს კომედიური მელოდრამისთვის „ქალი წითელში“ საუნდტრეკის შექმნა სტივი უანდერისთვის ეთხოვა. ასე გახდა ფილმი ოსკაროსანი; ხოლო კომპოზიციამ I Just Called to Say I Love You, რომელიც სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა, მოიპოვა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციებში. ეს იყო კინოსურათის მთავარი მუსიკალური თემა, მიუხედავად იმისა, რომ 8 კომპოზიციიდან შემდგარი საუნდტრეკის სხვა სიმღერებიც დაწერა და შეასრულა სტივიმ. არის დუეტები უორვიკთან ერთადაც. ალბომმა მიაღწია არნახულ წარმატებას მსოფლიოს სხვადასხვა სტილისტიკურ ჰიტ-აღლუმებში. სიმღერის ტექსტში Wonder-ი აკვირვებს ვინმეს მოულოდნელი სატელეფონო ზარით, მთელი სიმღერის განმავლობაში ჩამოთვლის სხვადასხვა მოვლენას ყოველწლიური კალენდრიდან, რომელთა გამოც შესაძლოა დაურეკოთ საყვარელ ადამიანს და მიუხედავად ამისა, ის განმარტავს, რომ ამჯერად რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არა აქვს, უბრალოდ სურს გამოუტყდეს, რომ გულით უყვარს. ეს ძალზედ გულწრფელი, ნაზი და „რომანტიკული სასიყვარულო წერილის მსგავსი კომპოზიცია, უბადლოდ ასახავს სიყვარულისა და ოპტიმიზმის მუდმივ და გასაოცარ გრძნობას“.
41 | “Greatest Love of All” – Whitney Houston (1986)
კომპოზიცია, რომელიც 41-ე პოზიციაზეა, სიყვარულზე შექმნილ 50 საუკეთესო სიმღერათა ჩამონათვალში დაწერეს მაიკლ მასერმა და ლინდა კრიდმა მუჰამედ ალის ბიოგრაფიული ფილმისთვის The Greatest. საუნდტრეკისთვის იგი პირველად ჯორჯ ბენსონმა შეასრულა, 1977 წელს და იგი Arista Records-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი ჰიტად აქცია, სოულ და R&B ჰიტ-აღლუმებ დომინირების კუთხით. თუმცა, რვა წლის შემდეგ, The Greatest Love of All კიდევ უფრო ცნობილი გახადა უიტნი ჰიუსტონის ვერსიამ, 1985 წლის ქავერმა (ოდნავ შეცვლილი სათაურით, არტიკლის გარეშე "Greatest Love of All"). მასში ჰიუსტონის ვოკალი მთელი თავისი სიდიადით იხსნება, მთელი თავისი ყოვლის მომცველი სიძლიერითა და უკიდეგანო სილამაზით... სხვათა შორის, მასზე თავდაპირველად საერთოდ არ ჰქონიათ აქცენტი არისტა-რეკორდსის მესვეურთ, "Greatest Love of All" იყო უიტნის წინამორბედი სინგლის, "You Give Good Love-ის" ბისაიდ-ტრეკი. თვეების შემდეგ, რადიოში ხშირმა როტაციამ აიძულა ლეიბლი ეს ჩანაწერი გამოსულიყო, როგორც მეხუთე სინგლი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომიდან.