ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 3 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 27.04.2025

27 აპრილი 2025, 14:41 49 ნახვა

ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 3 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 27.04.2025

ამქვეყნად არ არსებობს ერთი თემაც კი, რომლის შესახებაც სიმღერა, კომპოზიცია, ან თუნდაც, მინი-რეპრიზა არ დაწერილა. საუკეთესოები კი, რაღა თქმა უნდა, სიყვარულს ეძღვენება. სასიყვარულო კომპოზიციების რეიტინგი, სხვადასხვა დროს, არაერთ ავტორიტეტულ მუსიკალურ გამოცემას შეუდგენია. რადიო აჭარის ეთერში, „ფმ ფანტაზიების“ სპეც-თემის ფარგლებში, ვაგრძელებთ მუსიკალური ინდუსტრიისადმი მიძღვნილი ყოველკვირეული ჟურნალის, Billboard-ის მიერ, 2025-ის დასაწყისში განახლებულ სიაში შესულ კომპოზიციებზე საუბარსა და მათ მოსმენას. ცნობისთვის, Billboard-ის გამომცემლობა თავის მხრივ მოიცავს შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის ყოველკვირეულ ამბებს, საავტორო სტატიებს, აუდიო და ვიდეო გაყიდვების მაჩვენებლებს, ინტერნეტ-ჩამოტვირთვებს და ა.შ., მაგრამ პუბლიკაცია, ყველაზე ცნობილი, თავისი ჰიტ-აღლუმებით არის. და დღეს, ბილბორდის მიხედვით „სიყვარულზე საუკეთესო სიმღერების“ სიაზე საუბარს, 30-ე პოზიციიდან გავაგრძელებთ.

მეორე მისალმება: Billboard-ის 2025 წელს განახლებული ყველა დროის საუკეთესო 50-თ სასიყვარულო სიმღერათა სია, ყოველკვირეული, ე.წ. ცხელი ასეულის ფაქტობრივ მონაცემებს ეფუძნება. მასშია დაარსებიდან, 1958 წლის აგვისტოდან - 2025 წლის თებერვლამდე, მოხვედრილი კომპოზიციები, რომელთა სათაურშია სიტყვა "love" (ან მისი ვარიაცია). ასევე, ახალი რეიტინგი განისაზღვრა ქულათა ინვერსიული სისტემით, სადაც კვირის განმავლობაში ნომერ 1-ლ ადგილზე ყოფნა გადამწყვეტი გახდა, ხოლო დაბალ ადგილებზე და შედარებით მცირე პერიოდით ყოფნა ქვედა პოზიციების განმსაზღვრელი.

30 | “(Love Is) Thicker Than Water” – Andy Gibb (1978)

"Love Is Thicker Than Water "(Love Is)" 1977 წელს დაწერა ბარი გიბმა და შეასრულა განთქმული ოჯახის უმცროსმა ძმამ, ენდიმ, რომელიც მცირეწლოვანების გამო, ვერ შეუერთდა ჯგუფ Bee Gees-ს. ჯგუფის წევრებს უმცროსი ძმა ძალიან უყვარდათ და დიდ მხარდაჭერასაც უცხადებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, უდავოდ ნიჭიერმა არტისტმა მანკიერებით სავსე ხანმოკლე ცხოვრება განვლო. დღეს, საშუალო ტემპის მქონე ბალადა "Love Is Thicker Than Water" (Love Is)" პოპ-როკის სტანდარტად ითვლება, ბილბორდის ტოპ 50-ში კი 30-ე ადგილს იკავებს.

29 | “I Think I Love You” – The Partridge Family (1970)

28 | “Love Rollercoaster” – Ohio Players (1976)

არაკომერციული ფანკის გმირების Ohio Players-ის საკულტო კომპოზიცია "Love Rollercoaster" იმით არის უნიკალური, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და გაანგარიშებით, ვერ უნდა გამხდარიყო ჰიტ-აღლუმების პირველი ნომერი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, სიმღერა ათწლეულების შემდეგაც, ყველა დროის 30 რჩეულშიც კი მოხვდა.

ეს სიმღერა თავისი სტრუქტურით არღვევს ყველა სტერეოტიპს, მან გზა გაუხსნა ისეთ სუპერვარსკვლავებს, როგორებიც არიან Red Hot Chili Peppers, Outcast, Black Eyed Peas და მრავალი სხვა. სიმღერა ატრაქციონზე, როგორც რომანტიკული ურთიერთობის აღმავლობისა და ვარდნის მეტაფორაზეა. კონცეფცია ასევე მუსიკალურად გაჟღერდა, გიტარისტი ფანკ-რიფს უკრავს და სიმღერის განმავლობაში რამდენჯერმე ვარირებს ზევით-ქვევით. "Love Rollercoaster" დღემდე აქტუალურია პოპ-კულტურაში, კინემატოგრაფში და სპორტშიც კი, - მაგ. UFC-ის მებრძოლის კრის ლებენის რინგზე მსველობისას დარბაზში ეს სიმღერა ისმის.

27 | “I Wanna Dance With Somebody (Who Loves Me)” – Whitney Houston (1987)

ერთ-ერთი საკულტო სიმღერაა უიტნი ჰიუსტონის ბრწყინვალე შემოქმედებიდან. პირველი სინგლი რიგით მეორე სტუდიური ალბომიდან Whitney. ტრეკი იგივე ავტორებმა დაწერეს, რომლებმაც მანამდე ჰიუსტონისთვის ჰიტ-აღლუმთა ლიდერი ჰიტი "How Will I Know" შექმნეს. მიუხედავად არაერთგვაროვანი კრიტიკისა, ჩანაწერმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა. 1988 წლის მარტში, სიმღერამ მიიღო გრემი „ქალის მიერ შესრულებული პოპ-ვოკალისთვის“. "I Wanna Dance with Somebody" ჰიუსტონის რიგით მეოთხე ჰიტია, რომელმაც ამერიკული Billboard-ის Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკულ სინგლების ჩარტში ლიდერობის პარალელურად, გამოვიდა ალბომიც, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი შემსრულებელი, ქვეყნის ორ მთავარ მუსიკალურ რეიტინგში - სინგლები და ალბომები, ერთდროულად ლიდერობდა.

26 | “Love Will Keep Us Together” – Captain and Tennille (1975)

"Love Will Keep Us Together" არის 1975 წლით დათარიღებული სიმღერა, რომელიც დაწერილია ნილ სედაკასა და ჰოვარდ გრინფილდის მიერ. პირველად ის Sedaka-მ ჩაწერა 1973 წელს. იმავე წელს ეს სიმღერა და-ძმის დუეტმა მაკმა და ქეთი კისონმა ჩაწერეს, თუმცა, მსოფლიო ჰიტი პოპ-დუეტის Captain & Tennille-ის გადამღერების შემდეგ გახდა. ის ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ბილბორდის ასეულს. საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციათა შორის ამ ჩანაწერს 26-ე ადგილი უკავია.

25 | “Roses Are Red (My Love)” – Bobby Vinton (1962)

პოლონური წარმოშობის საესტრადო მომღერალი, სტენლი რობერტ ვინტულა, საზოგადოებისთვის ცნობილი ფსევდონიმით ბობი ვინტონი, წარუმატებელი მუსიკალური კარიერის შეწყვეტას აპირებდა, როდესაც სხვების მიერ დაწუნებული ეს სიმღერა იპოვა და კიდევ ერთი შანსი ითხოვა. 1962 წლის სენტიმენტური R&B ბალადა “Roses Are Red (My Love)” ახალი არანჟირებით შესრულდა - დაემატა სიმებიანი საკრავები და ვოკალური გუნდი - შედეგად, ნომერი პირველი პოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში.

24 | “Crazy in Love,” Beyoncé feat. Jay-Z (2003)

(მიდის ინსტრუმენტალი) აი, ამ კომპოზიციის პროდიუსერს რიჩ ჰარისონს, დიდი ძალისხმევა დასჭირვებია დაერწმუნებინა კოლეგა-მეგობრები, რომ კომპოზიციას "Crazy in Love"-ს დიდი პოტენციალი გააჩნდა. სიმღერის დასაწყისში განგაშის მსგავსი საყვირის ხმა ხუთჯერ ისმის, რომელიც რიჩ ჰარისონს, 70-იანი წლების სოულ-ჯგუფის ჩი-ლაითის კომპოზიციიდან “Are You My Woman? (Tell Me So)-დან” აუღია, ისევე როგორც სხვა ინსტრუმენტული ჩანართი და ასე გამზადებული იდეით ელოდა შესაფერის მომენტსა და შესაფერის შემსრულებელს. ეს სინგლი ბეიონსეს სოლო კარიერის ინაუგურაციაა. ამ ჩანაწერით გაცხადდა ვოკალისტის ეპოქალური პოპ-დომინირების შესახებ. ჯეი-ზის რეპ-რეჩიტატივი ბოლო წუთებში დაუმატებიათ. ბეი და ჯეი იმ პერიოდში ახალდაწყვილებულები იყვნენ, ხოლო სიმღერის ტექსტი და თავბრუდამხვევი ენერგეტიკით შესრულება, იდეალურად აღწერდა „ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს.“ "მადლობა ღმერთს, Crazy in Love არასდროს ბერდება, რამდენჯერაც არ უნდა ვიმღერო." - უთხრა ბიონსემ Billboard-ს. 23

23 | “Love the Way You Lie” – Eminem feat. Rihanna (2010)

ემინემის რეპის და რიანას ვოკალური კომბინაცია, რომელიც შეურაცხმყოფელ ურთიერთობს აღწერს. ის, რაც ორივე შემსრულებელმა პირადად განიცადა, თუმცა, სხვადასხვა პერსპექტივიდან. 2010-იანების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჰიტი, რომელიც შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ბილბორდის ცხელ ასეულს. კრიტიკოსებმა განმარტეს, რომ სიმღერის ტექსტი შეიცავდა კონკრეტულ გზავნილებს. პირქუში თემა, ეხება ალკოჰოლ-დამოკიდებულ წყვილს, რაც სავარაუდოდ მიუთითებს რიანას ურთიერთობაზე კრის ბრაუნთან. BBC-ის შეფასებით, ეს სიმღერა არ იქნებოდა ასეთი ეფექტური, მასში მხოლოდ ემინემის თვალსაზრისი და სინანულის გრძნობა რომ ყოფილიყო. რიანა წარმოადგენს ურთიერთობის საპირისპირო მხარეს და სათანადო თხრობით დემონსტრირებს ყოფილთან დაშორებას. ამიტომაც სიმღერა, ღალატისა და ძალადობის მწვავე თემატიკის გამო, ასახავს „უფრო რეალისტურ ძალადობრივ ურთიერთობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ქალთა უფლებების დაცვის კამპანიაში“, თუმცა, იყო კრიტიკული მიმოხილვებიც. მაგალითად, The Telegraph-მა უარყო კომპოზიციაში არსებული ყველა მეტაფორა და სიმღერის თემა გაბუქებულად მიიჩნია. პუბლიკაციის ავტორი არ ეთანხმებოდა მუსიკალური ჟურნალისტების დადებით მიმოხილვებს, ამტკიცებდა, რომ შესაძლოა, ქალები დამამცირებელ ურთიერთობებში გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზების გამო იმყოფებოდნენ - როგორებიცაა ოჯახური და ფინანსური პრობლემები და უმწეობა, და არა, სექსუალური და ემოციური სიამოვნება. NPR-ის სტატიაში აღნიშნეს, რომ სიმღერა ასახავს რიანას, როგორც "ძალადობის ობიექტს" ემინემის ხელში. მაშინ, როცა ემინემი მოძალადის ფსიქიკას თითქმის სიღრმისეულად და დეტალებით იკვლევს, რიანას პერსპექტივა შეზღუდულია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი დისბალანსი გავრცელებული პრობლემაა პოპულარულ მუსიკალურ დუეტებში. "Love the Way You Lie" მომხიბვლელობის მიუხედავად, თითქოს ემინემის სინანულის გამომხატველია. ჩანაწერი არ ანაზღაურებს მის ადრინდელ, სიძულვილით მოტივირებულ სიმღერებს. არაერთ სტატიაში ეჭვქვეშ დააყენეს სიმღერის ტექსტიც, უპასუხოდ დატოვეს კითხვები: „ეს სიმღერა ტრაქტატია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, თუ მისი უპასუხისმგებლო განდიდება?! იქნებ რაღაც შუალედურია?! მარჯორი გილბერგმა, მოზარდების ძალადობის წინააღმდეგ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიმღერის კომენტარისას თქვა, რომ ჩანაწერი შეურაცხმყოფელი ურთიერთობების პროვოცირებაა. მისი აზრით, იმის გამო, რომ პოპ-კულტურა ხშირად ასახავს იმას, რაც სოციალურად მისაღებია, შესაძლოა ადამიანებმა უფრო იოლად მიიღონ ძალადობის მსგავსი ფაქტები. "არსებობს ერთი პრობლემა - სიმღერა ასახავს მითებს ოჯახში ძალადობის შესახებ, რაც იწვევს მსხვერპლის დადანაშაულებას“ განაცხადა მან.

სიმღერას კრიტიკა ფემინისტების მხრიდანაც მოჰყვა, ისინი ამტიცებდნენ, რომ მასში ნათქვამი ფრაზები ტიპიური საბაბია, რომელსაც მამაკაცები აგრესიისთვის იყენებენ და რომ რიანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ კომპოზიციაში ოჯახურ ძალადობას ადიდებს.

22 | “To Sir With Love” – Lulu (1967)

21 | “Vision of Love” – Mariah Carey (1990)

1990-ში,“კოლუმბია რეკორდსთან“ კონტრაქტის გაფორმებისთანავე, R&B დივამ მარაია ქერიმ კომპოზიტორსა და პროდიუსერ ბენ მარგულისთან ერთად დაწერა და შემდეგ ჩაწერა სადებიუტო სინგლი Vision of Love - საშუალო ტემპის საცეკვაო ტრეკი, რომელშიც ბექ-ვოკალს თავად მღერის, იყენებს მელიზმებს, საფირმო სტვენით რეგისტრს. მისივე აღწერით, კომპოზიცია სასიყვარულო ბალადაზე მეტად, საკუთარი ცხოვრების(თ) ზეიმია.