ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - პრემიერი

11 ივლისი 2022, 14:51 839 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი მთავრობის და მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია.

„მაშინ, როცა ჩვენი "ასოცირებული ტრიოს" წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. ასევე მინდა გითხრათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები, აქაც, 190 ქვეყანას შორის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 100 სულ მოსახლეზე აშშ დოლარში გამოხატული ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. აქვე მინდა ძალიან მოკლედ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის, მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

"უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მშვიდობას, სტაბილურობას და ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი