რატომ იკლებენ დღეებს, არ ვიცი. პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, 20:00 საათსა და წუთებზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და ამ ყველაფერს უწოდა ხან რუსული სპეცოპერაცია, ხან გაყალბება. პროტესტი არის 26 ოქტომბრიდან, რომელიც მოდის მარტივი კაპრიზიდან – უმცირესობამ მართოს უმრავლესობა, რომ გარედან უნდა იმართოს საქართველო, ხელისუფლებაში ცალ ფეხზე მდგომები უნდა იყვნენ და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები. როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას. ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს გარედან მართული ტერორი, რათა ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ ხელისუფლება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა გაწევრიანების საკითხებზე ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.
„ირაკლი კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე. ეს წერილობით აღიარა ცოტა ხნის წინ საელჩომ. ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.
26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად, რომ ქართველი ხალხი ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ. მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხში, შენ თუ ცალ ფეხზე დადგები, ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ, დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ბიუროკრატიას არ დავუწყებთ. ეს უნდოდა მაშინ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც მისი ელჩის ხელით პირდაპირ ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ აქ და გვიწყობდნენ მიტინგებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, ხოლო შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას.
„დღეს ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ერთი სიტყვითაც არ გამიჯვნია შვედეთის ხელისუფლება. მინისტრი „მაიდნისკენ“ მოუწოდებდა ხალხს შარშან არჩევნების შემდეგ. ამას გვიკეთებდნენ ჩვენ შარშან ევროპელი პოლიტიკოსები და ბრიუსელი. აქ უნდოდათ მაიდანი, სისხლისღვრა, არეულობა, ოღონდ ხელისუფლებაში მოეყვანათ საკუთარი მარიონეტები. ზუსტად ამის პასუხი იყო, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერ მომენტში, როგორც კი შეცვლიდა ბრიუსელი უსამართლო გადაწყვეტილებას და შესთავაზებდა საქართველოს მოლაპარაკებას, ჩვენ იმ მომენტშივე დავიწყებდით ამ მოლაპარაკებას, ვიქნებოდით სანიმუშო მოლაპარაკების პროცესში. საქართველო და ქართველი ხალხი მათხოვრობას არ დაიწყებს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე. ამ ერთი წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატიას ხელში აქვს ჩაგდებული ევროკავშირის ინსტრუმენტები და ცდილობს, ეს ინსტრუმენტები აქციოს შანტაჟის იარაღად დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ. სირცხვილია ეს დღევანდელი ევროპისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
