საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან საქართველოს კონკრეტული მხარდაჭერა ექნება - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას.
"ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს უერთიერთობებში არსებობ ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი. როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანამშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.
მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიქმნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირმა პოზიტიურად შეაფასა ნაბიჯები, რაც გადაიდგა საქართველოში.