არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობასთან რაიმე სახის კავშირი გვაქვს - პრეზიდენტი

03 დეკემბერი 2025, 09:40 94 ნახვა

არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მყოფ ძმებთან და დებთან ერთად იცხოვრებს გაერთიანებულ სახელმწიფოში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად მივიჩნევთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. როგორც გაეროს ასამბლეაზეც აღვნიშნე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ვიზრუნებთ ერთმანეთზე ისე, როგორც ადრე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობა ძალიან ახლოსაა მოსკოვთან თავისი პოლიტიკით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა მის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

„მთელი მსოფლიოა მოტივირებული, რომ შეაჩეროს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, როგორ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, თუ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება აგრესიული? არსებობს თუ არა სხვა გზა ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად? ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, ნატომ უარი თქვა ამაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატულ, დაბალანსებულ და რეალისტურ მოდელებს. იყო დრო, როდესაც ჩვენ მხარდაჭერის გარეშე დავრჩით და ჩვენი პოლიტიკა ამ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში