ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში - მიხეილ ყაველაშვილი

58 წუთის წინ 74 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილიც და „ბიბისიც“ დაკვეთით მოქმედებდნენ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის ქმედება იყო არა აფექტით გამოწვეული, არამედ მიზანმიმართული.

„ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისისი“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში, ტერორისტული აქტია. ლაზარე გრიგორიადისთან განსხვავება არ არის, გახსოვთ, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილით. როგორ გმირად წარმოაჩინეს და დღეს ვის ახსოვს ლაზარე გრიგორიადისი, ისე იქნება მზია ამაღლობელი, ალეკო ელისაშვილი. ვერ გადაწყვიტეს, რა შეფასება გააკეთონ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალებისთვის, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიფიქრეს. თქვენ გაიხსენეთ, ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. მანაც მიუთითა რობერტ ფიცოს თემაზე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. არ არის გამორიცხული, ელისაშვილის მოქმედება იყოს მოტივაცია, გადამდები გახადოს ეს ქმედება. ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს პროტესტი, მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო „ბიბისის“ მიმართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. 

„ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ. სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისთან“ მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და „ბიბისის“ მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ – არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, „ბიბისიც“, „სიენენიც“, ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან დაკავშირებით, რომელიც BBC-ის გამოქვეყნებულ მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტია.

"კონსტანტინე ჩახუნაშვილის საშუალებით ააგო „ბიბისიმ“ ფილმი. დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ქილიკის საგანია ხოლმე, ვინ დგას ამ ძალების უკან. როგორ ხდება, რომ სინქრონულად, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთ ხმაში საუბრობენ, არც ერთს არ დაუსვამს კითხვა არც გამოძიებაზე, არც იმაზე, სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში