შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას "Tv პირველი" დირექტორმა, ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. ვატო წერეთელი კი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად დეპუტატები გაუსწორდნენ.
"აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ. ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება? მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, კონკრეტულად, ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი მოხდა“, - განაცხადა წერეთელმა "TV პირველის“ ეთერში.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო.
"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.
საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე," - აცხადებს ოხანაშვილი.
საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ცოტა ხნის წინ, საქართველოში აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა, მათივე განცხადებით, დაპირისპირების შესახებ მათთვის ცნობილია და ინფორმაციას სწავლობენ.
"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
"TV პირველის" დამფუძნებელი და ანრი ოხანაშვილიც შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.