ბასილაშვილმა მოიგო და უიმბლდონის მეორე რაუნდში გავიდა

27 ივნისი 2022, 20:41 443 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი წრე დაძაბული 5 სეტიანი დაპირისპირების შემდეგ გაიარა.

30 წლის ბასილაშვილმა მსოფლიოს 278-ე ჩოგან ლუკას როსოლს ხუთ სეტში ანგარიშით 6:7, 7:6, 3:6, 6:3, 6:3 მოუგო.

ქართველის და ჩეხის დაპირისპირება წვიმის გამო ორჯერ შეჩერდა, საბოლოოდ სათამაშო 2 საათის და 50 წუთის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა.

ამ მატჩში ბასილაშვილს 16 ეისი და 11 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. დიდი სლემის ტურნირის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 25 წლის ფრანგი ქუენტინ ჰალისი იქნება.

ჰალისმა თანამემამულე ბენუა პერი დაამარცხა. 25 წლის ფრანგი მსოფლიოს 82-ე ჩოგანია, ხოლო ნიკოლოზი კლასიფიკაციაში 26-ე ადგილს იკავებს.

ქართულ- ფრანგული საჩოგბურთო დაპირისპირება 29 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში