სტუდენტების ხმა ევროკავშირს – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს უმაღლესი სასწავლებლის ეზოდან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ევროპის მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს.
სტუდენტები ამბობენ, რომ ასე სურთ ხმა მიაწვდინონ ყველას, რომ ახალგაზრდები ირჩევენ ევროპას და საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. მათი განმარტებით, აუცილებელია ახლა დათქმულ ვადებში ქვეყანამ ევროკომისიის ყველა პირობა შეასრულოს.
მსვლელობამდე მანიფესტაცია გაიმართა უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტებმა, ლექტორებმა და უნივერსიტეტის რექტორმა ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუდენტების დღევანდელ ღონისძიებას ლექტორები და ადმინისტრაციაც შეურთდა.
რაც შეეხება 20 ივნისს ბათუმში გამართულ აქციას, სტუდენტები ამბობენ, რომ მასში არაერთი სტუდენტი მონაწილეობდა, თუმცა არ იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული.