სტიქია სენაკში - დატბორილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და საცხოვრებელი სახლები

23 ივნისი 2022, 13:45 1812 ნახვა

სენაკის მუნიციპალიტეტი ორი დღეა სტიქიის ზონადაა ქცეული. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

ამ დროისთვის ქვა-ღორღით და ტალახითაა დაფარული სენაკის ავტოსადგურის ტერიტორია, ასევე დატბორილია სოფელთან და ქალაქთან დამაკავშირებელი ქუჩები, საცხოვრებელი სახლები. 

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში შევიდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუნადგურდათ საოჯახო ტექნიკა, ავეჯი და სურსათ-სანოვაგე. სტიქიის ზონიდან საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია, რომლებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე რიონი, ტეხურა და ცივი. დატბორილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და დაზიანებულია ხიდები.

შემთხვევის ადგილას მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს სენაკის კეთილმოწყობის სამსახური. 

სენაკში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბია შექმნილი, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 500-ზე მეტი ზარია შესული.  წინასწარი ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი